“ეს არის ჩვენი მომავლის იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ”

“ეს არის ჩვენი მომავლის იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ”

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომელთაც თავი დასდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ისინი შედიან ქართველების იმ ძალიან დიდ რიგში, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპნენ. არ მიმაჩნია, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ მივიჩნევ, რომ 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე, რადგან ეს, ამავე დროს, არის იმედის, ჩვენი მომავლის იმედის დღე, რომელიც არასდროს არ უნდა დავკარგოთ. მახსენდება, წლების განმავლობაში, როცა საბჭოთა კავშირი არსებობდა, ძალიან ბევრს როგორ გვჯეროდა საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დღეს, შეიძლება, ვერ ვხედავდეთ კონკრეტულ გზას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიგვიყვანს, მაგრამ ის, რომ ჩვენ დღეს ამას დაზუსტებით ვერ ვხედავთ, არ ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენ წინ არაა. ამ გზის უნდა გვჯეროდეს და და ეს დღე სწორედ ამ გზის დაჯერების დღეა. ჩვენ ყველა ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2 232-ს შეადგინა, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები