პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში მიემგზავრება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში მიემგზავრება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის – სლოვენიის პრემიერმინისტრის ერთობლივი მიწვევით, 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოში დელეგაციასთან ერთად დღეს გაემგზავრა.

სამიტზე მიიღებენ პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელშიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვა. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე – საქართველოსა და პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ქართული მხარის მოლოდინია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის აღნიშვნა, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობითი ინტეგრაცია, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის დამტკიცება, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საქართველო აქტიურად იყო ჩართული. შედეგად, განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, საზოგადოებების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ახალი დღის წესრიგი მოიცავს კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმის მეშვეობით განხორციელდება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს სატრანსპორტო, ენერგო და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მის ფარგლებში, განიხილავენ და თანხმდებიან უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და პოლიტიკურ საკითხებზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები