კახა კალაძე – ეს არის ძალიან დიდი ტყუილი

კახა კალაძე – ეს არის ძალიან დიდი ტყუილი

თბილისის მერი კახა კალაძე „ელიავა რეგიონული მოლის“ ადმინისტრაციის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავშირებით შეხვედრებისა და შემდგომ კომენტარების ნახვა არქივში შესაძლებელია.

მისივე თქმით, თბილისის მერია გააკეთებს იმას, რაც ქალაქის ინტერესებშია, პირველ რიგში კი, დაცული იქნება ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების უფლებები.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. შეგიძლიათ, არქივში ნახოთ ეს შეხვედრები და შეხვედრებიდან გამოსული ადამიანების კომენტარები. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც, პირველ რიგში, ქალაქის და თბილისელების ინტერესებშია. ვიღაც, გარკვეული მოთაღლითო ტიპის მხრიდან გაკეთებული არასწორი განცხადებები ვერ შეაჩერებს იმას, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული. პირველი, მთავარი და მნიშვნელოვანი ასევე არის ის, რომ, პირველ რიგში, დაცული იქნება იქ მომუშავე ადამიანების ინტერესები. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია თბილისისთვის და თბილისელებისთვის ის ვითარება, სადაც ამუშავებენ ადამიანებს, ის პირობები.

ამიტომ ამ ადამიანების უფლებები იქნება დაცული. ვინმე ანდრიაძეა, რომელსაც გარკვეული ტერიტორიები საკუთრებაში აქვს. მათ 2014, თუ 2015 წელს ჰქონდათ წარდგენილი კატასტროფული გეერგე, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქის ინტერესებს, რაზეც მიიღეს უარი, გასაჩივრებული ჰქონდათ უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ დააბრუნა და თქვა, განიხილოს საკრებულომ. საკრებულო განიხილა და გასცა უარი. ის პროექტი ვერ განხორციელდებოდა. ჩვენ გამოვდივართ ქალაქისა და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ („ელიავა რეგიონული მოლის“) ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კონკრეტულად მათ კომპანიასა და მერიას შორის, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით არ შემდგარა მსგავსი მოლაპარაკება, რაზეც თბილისის მერმა 26 აგვისტოს ისაუბრა. მათივე განმარტებით, არის რიგი საკითხები, რაზეც შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები