გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის წევრებს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის წევრებს შეხვდა

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, დადებითი ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, მარკ პრიტჩარდის ხელმძღვანელობით გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო მისიის დელეგაციის წევრების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენელს, პარლამენტარ მარკ პრიტჩარდსა და სავაჭრო მისიის წევრებს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო, რაც დელეგაციის წევრების მხრიდან პოზიტიურად შეფასდა.
ბრიტანულმა მხარემ აღნიშნა, რომ 4-პუნქტიანი გეგმა სრულ თანხვედრაშია გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობისა და ინვესტიციების გეგმებთან – საქართველოსთან მიმართებაში.
გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო დელეგაციის შემადგენლობაში მყოფმა დიდი ბრიტანეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ დაინტერესება გამოხატეს.
გამოითქვა მზაობა სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა, მათ შორის: განათლების, საფინანსო სფეროს, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვა მიმართულებებით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი ესწრებოდნენ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები