როგორც შეხვედრის დაწყებამდე დაზარალებულებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნა ზარალის სრული ანაზღაურებაა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათ კახა კალაძისგან აინტერესებთ კონკრეტული ხედვა, მისი მერობის შემთხვევაში, როგორ დაეხმარება დაზარალებულებს.
„დაზარალებულებს უკვე მერვე თვეა გვსურდა შევხვედროდით მთავრობის წევრებს, დღემდე არავინ შეგვხვედრია. ჩვენი მოთხოვნაა ქონების სრული კომპენსაცია. მომავალი მერისგან გვაინტერესებს, როგორ წავა ჩვენი საქმე. დღემდე არანაირი დახმარება არ ყოფილა. ექსპერტიზის დასკვნაა, რომ არ იყო ბავშვთა სამყაროში უსაფრთხოების ნორმები მიღებული. არის მეორე დასკვნაც, რომ ბავშვთა სამყაროში 80-90 ლიტრი საწვავი შეიტანეს და შენობა მიზანმიმართულად გადაწვეს. გვაინტერესებს, თუ შეუძლია კახა კალაძეს დაგვეხმაროს”,-განაცხადა დაზარალებულმა ლევან ლოტოევმა.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. მოგვიანებით, დაზარალებულები მერიის მიერ შეთავაზებულ, 3000-ლარიან კომპენსაციას დათანხმდნენ.
“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი 27 ივლისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, 50-ათასლარიანი გირაო და ამავე სამსახურის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.