მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

“ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
​როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმის ფონზე, რაც წინა დღეებში მოხდა, არ იქნებოდა ადეკვატური ნაბიჯი, მას პარლამენტში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობისა და სოციალური პროგრამების დინამიკაზე ესაუბრა.
​„ბუნებრივია, მზად ვარ, საქართველოს პარლამენტში მივიდე, ისიც მინდა გითხრათ, რომ პარლამენტისთვის ჩემი ანგარიშის მიწოდება რეგლამენტის დაცვით მოხდა. შემდეგ უკვე, როდესაც უნდა მივსულიყავი ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთანაც მაქვს კითხვა, როგორც საქართველოს მოქალაქესთან – მე უნდა მივსულიყავი ანგარიშით, სადაც ბევრი მნიშვნელოვანი და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხია, მაგრამ იმის ფონზე, რაც წინა დღეებში მოხდა, თქვენთვის ადეკვატური იქნებოდა, რომ მესაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობისა და სოციალური პროგრამების დინამიკაზე? მე არ ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ადეკვატური ნაბიჯი. პარლამენტში ამ საკითხების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს დეტალურად და ეს მოხდება, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობაში ჩვენ ყოველთვის ფოკუსირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რომ იმ შეკითხვებზე გავცეთ პასუხები, რომლებიც იმ მომენტშია ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენ ასე მოვიქეცით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები