ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა

ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა

მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გლობალური პანდემიის პირობებში ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ყირიმის პლატფორმის შექმნა საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებების შესახებ საუბრის შესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და უკრაინა ყოველთვის მხარდამხარ იდგნენ მშვიდობისა და ომიანობის ჟამს.

„მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა. უკრაინასა და საქართველოს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. ჩვენ მხარდამხარ ვმდგარვართ მშვიდობისა და ომიანობის ჟამს. საერთო მტრის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილი და მთავარი ღირებულებებისთვის – თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ყოველთვის გვაძლიერებდა ნებისმიერი სხვა ძალის წინააღმდეგ, რაც ჩვენი ერთობის რღვევის მცდელობისკენ იყო მიმართული. უკრაინელები ქართველებთან ერთად იბრძოდნენ რუსი აგრესორების წინააღმდეგ 90-იან წლებში რუსეთის მიერ ინსპირირებული და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე შეიარაღებულ ბრძოლებში. ლეონიდ ტკაჩუკი, რომლის დანაწევრებული ცხედარი ნაპოვნი იქნა და ოჯახს სულ რამდენიმე დღის წინ გადაეცა, იმ მამაცი უკრაინელების სიმბოლოდ წარმოჩინდება, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მისი თავგანწირვა ქართველებმა სახელმწიფო ჯილდოთი დააფასეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოუგვარებელი კონფლიქტები ბნელ სურათს უქმნის რეგიონის ქვეყნებს, ხოლო მთელ ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

„13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, რომლის დროსაც ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა, ათობით ქართული სოფელი ცეცხლში დაიფერფლა და განადგურდა, რითაც ეთნიკური წმენდის კიდევ ერთი ტალღა აგორდა და ასობით ათასი ეთნიკურად ქართველი სახლებიდან განიდევნა. შედეგად, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი. ამ სვლამ შეარყია მთელი ევროპული უსაფრთხოება და კანონებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. მოგვიანებით, 2014 წელს უკრაინამაც იგივე ბედი გაიზიარა. ჩვენ გავხდით რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის მომსწრენი, რომელიც სამშვიდობო პროცესების შერყევისკენ, ადგილზე უსაფრთხოების დესტაბილიზაციისკენ, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ტვირთის დამძიმებისკენ არის მიმართული და ეს ყველაფერი საერთაშორისო ვალდებულებების – რაც მთავარია ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნიველირებით – ხდება. მოუგვარებელი კონფლიქტები ბნელ სურათს უქმნის რეგიონის ქვეყნებს, ხოლო მთელ ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ძირს უთხრის. ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებისას, უფრო ძლიერი პოზიცია უნდა გვეჭიროს უკანონო ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის მიმართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების გარეშე, დასავლეთს აუცილებლად მოუწევს დესტაბილიზაციის მზარდ წყაროებთან პირისპირ შეხება.

„უსაფრთხოების სფეროში არსებული რისკების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა განაგრძობენ სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია. ჩვენ განზრახული გვაქვს უფრო ფართო, პროაქტიული ხედვა შევიმუშაოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენი ხალხის წინაშე და ამ გზას მყარად ვადგავართ. პარალელურად, დემოკრატიული რეფორმების ცალსახა კონსოლიდაციისკენმივდივართ, მდგრადი ეკონომიკური განვითარებით, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებით. რაც არ უნდა ეცადონ ოპონენტები ჩვენი განვითარების შეფერხებას, ჩვენ უფრო მეტად შევუტევთ. ისტორიას მრავალი გამოცდა ახსოვს, მაგრამ გამოწვევას არასოდეს გავუტეხივართ. ამ ფონზე ვიმედოვნებთ, რომ ყირიმის პლატფორმა მნიშვნელოვან ტრიბუნად იქცევა, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარს დაუჭერენ და ხანგრძლივი ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ. და ბოლოს, ერთობლივი ძალისხმევით და სტრატეგიული მიდგომით, ჩვენ შევძლებთ შავი ზღვის რეგიონის შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნას, სადაც ეკონომიკა აყვავდება და ხალხი კეთილდღეობას იგრძნობს“, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები