ვახტანგ გომელაური: 112-ზე ხალხი რეკავს – ეს იმას ნიშნავს, რომ ენდობა პოლიციას

ვახტანგ გომელაური: 112-ზე ხალხი რეკავს – ეს იმას ნიშნავს, რომ ენდობა პოლიციას

“პოლიციისადმი მოსახლეობის ნდობა საგრძნობლად გაზრდილია. გაზრდილია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის – „112“-ის მეშვეობით სხვადასხვა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მოწოდების მაჩვენებელიც” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „SWOT ანალიზში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„საკითხის მიმართ მიდგომა ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა. ხალხი რეკავს – ეს იმას ნიშნავს, რომ ენდობა პოლიციას. თუმცა, არის ხშირი შემთხვევა, თუნდაც არასრულწლოვნების თემიდან, როცა მშობელი მოდის და გვეუბნება: იცით რა, ჩემი შვილი ჩვენებას ვერ მოგცემთ. კი შეესწრო, ვთქვათ, დანაშაულს (ფაქტია, ჩანს, რომ ეს ადამიანი უყურებს იმ კონკრეტული დანაშაულის ჩადენას), მაგრამ არ მინდა იმიტომ, რომ ჩემი შვილი სკოლაში უნდა მივიდეს, თანაკლასელები არიან. არის, ვთქვათ, მეზობლის შვილი და იმაზეც ვერ იტყვის… აი ეს თემა უფრო არის ხოლმე, ანუ ოჯახური და მეგობრული წრიდან გამომდინარე, რომ ვერ დავადებ მე იმას ხელს და ვერ ვიტყვი ამას. რა თქმა უნდა, მის გარეშე ვერ დავკითხავთ მოზარდს, მშობელია. ის კი ამბობს, რომ არ მინდა ჩემმა შვილმა მისცეს ჩვენება ამ თემაზე. მას აქვს კანონიერი უფლება, რომ ჩვენების მოცემაზე უარი თქვას. ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე, ასე ვთქვათ, კრიმინალის შეფარება”, – განაცხადა მინისტრმა.

ამავე ინტერვიუში ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა დამნაშავისთვის ხელის დაფარების ფაქტების მნიშვნელოვანი კლების ტენდენციაზეც. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ამ მიმართულებით საგრძნობი წინსვლაა:
„მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ვუახლოვდებით ჩვენს მეგობარ ქვეყნებს ევროკავშირიდან. იქ არ არის თემა, რომ შეიფარონ დამნაშავე, მითუმეტეს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სხვა დიდ ქვეყნებში. რომ ხდება დანაშაული, რეკავს მოსახლეობა და აცნობებს პოლიციას. თითქოს, მივდივართ აქეთაც. ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები