„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შიმშილობის აქცია შეწყვიტეს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოთხოვნით პარტიის ოფისთან კარვებში შიმშილობდნენ, შიმშილობის აქცია შეწყვიტეს, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოშიმშილეებთან წუხელ ღამით სააკაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მივიდა და შიმშილობის შეწყვეტის შესახებ სააკაშვილის თხოვნა გადასცა.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს, რომ იგი თავად დაიწყებს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.

„მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ 21 დეკემბერს გამოაცხადა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები