“მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებს”- ნაციონალური მოძრაობა

“მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებს”- ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს ბოროტად იყენებს.

აღნიშნულის შესახებ ლევან ბეჟაშვილმა და ბესო შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მათი თქმით, სამარშრუტო ტაქსებზე გასული წლის არჩევნების შემდგომ შემორჩენილია სარეკლამო ბანერები, რაც კანონდარღვევაა. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რაც შემდეგში მდგომარეობს: საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, მუხლი 25 მე-2 ნაწილი – შემოწირულობად ითვლება პარტიის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა და მომსახურება. მუხლი 27 – პარტიის მიერ თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულობის საერთო რაოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. მოქალაქემ ან იურიდიულმა პირმა შემოწირულობა შეიძლება განახორციელოს ამ კანონით დადგენილ ზღვრულ ნორმებში.

ბესო შენგელიას განცხადებით, ზემოთ მოყვანილი წესები დარღვეულია, რადგან დადგენილი თანხა ბევრად აღემატება მოცემულობას.

„ჩვენი დათვლებით, მხოლოდ ჩვენს მიერ აღმოჩენილ 20 სამარშუტო ტაქსზე გასული არჩევნების შემდგომ დარჩენილი სააგიტაციო მასალა, თანხაში გადაყვანილი, 181 ათასი ლარია” -განაცხადა შენგელიამ

„ეს ყველაფერი ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ფინანსური მონიტორინგის ცხვირწინ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათგან არც ერთ ნაბიჯი არ გადადგმულა რომ აღკვეთილიყო კანონმდებლობის დარღვევა და დღეს ჩვენ ვხედავთ საარჩევნო მანიპულაციის სახით ასეთ კანონდარღვევებს, რომელიც პირდაპირ ნიშნავს ადმინისტრაციული რესურსის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას“ – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები