“მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ეროვნული ბანკის რეგულაციებს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ესაა პირველი ნაბიჯი და უახლოესი პერიოდის განმავლობაში მოხდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი, სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც საქართველოში ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება.
„ვფიქრობ, რომ ის ინიციატივები და ის აქცენტები, რომელიც გაკეთდება ახალ რეგულაციაში, ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და მეორე მხრივ, ახალი სამართლიანი თამაშის წესების შექმნას. აქ პირველ რიგში უნდა, აღვნიშნოთ ჭარბვალიანობის პრობლემა, რომელსაც ეს რეგულაცია პირდაპირ უკავშირდება. აქაც ბევრმა ჩვენმა ოპონენტმა ორაზროვანი კომენტარები გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში არ დგას და რომ ეს არ არის მაკროეკონომიკური პრობლემა. ჭარბვალიანობა საქართველოში წარმოადგენს პრობლემას, ის არის რისკი და მის მოსაგვარებლად გადასადგმელია პრინციპული ნაბიჯები, ისეთი ნაბიჯები, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და უახლოეს პერიოდში დამატებით ამ კუთხით გადადგმული იქნება სხვა პრინციპული ნაბიჯები”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.