კახა კუჭავა – მართლაც გამაოგნებელია ის სილამაზე, რომელსაც დმანისში ვხედავთ

კახა კუჭავა – მართლაც გამაოგნებელია ის სილამაზე, რომელსაც დმანისში ვხედავთ

დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდების ჩართულობით, ახალი მერით, ახალი საკრებულოთი, ძლიერი გუნდით, რომელიც ზურგს გაუმაგრებს ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩვენ მივაღწევთ ყველა მიზანს, ჩვენ ვიხილავთ უფრო გაბრწყინებულ დმანისს, რომლის პოტენციალი სრულიად იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დმანისში „ქართული ოცნების“ დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პროგრამების კუთხით საქართველოს მთავრობამ ნამდვილად გვაქვს მრავალფეროვნება, აუცილებელია ყველამ შეძლოს ბოლომდე გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც ამა თუ იმ რეგიონს გააჩნია

„მიხარია, რომ მაქვს საშუალება, მოგმართოთ სილამაზით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილიდან-საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით მრავალფეროვანი მოსახლეობით, ეთნიკური უმცირესობებით, სადაც ყველა ერთად შრომობს და ერთად უძღვება ყოველდღიურ საქმიანობას. როდესაც მოვდიოდით, არ შეიძლება არ შეამჩნიო ველები და ფერდობები, რომელიც დამუშავებულია, მოვლილია, სადაც პირველ რიგში ჩანს თუ რამდენად შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს აქ. ისინი არჩენენ ოჯახებს, ქვეყანას, ქმნიან დოვლათს. ბევრი საწარმო გაიხსნა, ძალიან ბევრი პროგრამა განხორციელდა. მე ვიცი, ძალიან ბევრია დაკავებული მეცხოველეობით. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის პროგრამების კუთხით ჩვენ ნამდვილად გვაქვს მრავალფეროვნება, აუცილებელია ყველამ შეძლოს ბოლომდე გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც ამა თუ იმ რეგიონს გააჩნია, თუმცა მე ამჯერად ხაზგასმით აღვნიშნავდი ტურისტულ პოტენციალს, რომელიც რეგიონს გააჩნია. პირველი ევროპელები აქ აღმოაჩინეს, ბევრისთვის აქ იწყება ევროპა, ის ევროპა, რომლის სრულფასოვანი წევრები ჩვენ 2024 წელს გავხდებით და გავხდებით ლიდერი, ევროპული რეგიონებით, სადაც შემოვიტანთ ევროპული ცხოვრების სტანდარტებს.

მართლაც გამაოგნებელია ის სილამაზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და მე განსაკუთრებით ვისურვებდი, რომ პირველ რიგში შიდა ტურიზმისთვის გახდეს ეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი. ყველამ უნდა ისიამოვნოს იმ ციხესიმაგრეებით, გარემოთი, ბუნებით, ხალხის სიყვარულით, რომლითაც ნამდვილად გამოირჩევა დმანისი. დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდების ჩართულობით, ახალი მერით, ახალი საკრებულოთი, ძლიერი გუნდით, რომელიც ზურგს გაუმაგრებს ადგილობრივ თვითმმართველობას, ჩვენ მივაღწევთ ყველა მიზანს, ჩვენ ვიხილავთ უფრო გაბრწყინებულ დმანისს, რომლის პოტენციალი სრულიად იქნება გამოყენებული. ვიხილავთ ბევრ ტურისტს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც ამ უნიკალური ისტორიით, ტრადიციით და კულტურით მიიღებენ სიამოვნებას, აქაც დატოვებენ თავიანთ დოვლათს და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას, რომ საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, ძალიან ლამაზი და რაც ყველაზე მთავარია, ძლიერად ფეხზე მდგომი.

კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, რომელიც გახლავთ იურისტი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი კუთხე, თავისი მხარე, და რომლის წარმატებაში ყველა დარწმუნებული ვართ. თუმცა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მას სჭირდება ძლიერი საკრებულო, სადაც ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ უმრავლესობასაც და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაიდება საბოლოო წარმატების შედეგი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები