გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა.

გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა. საქართველოს დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი 19 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე.

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები.

18 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუკსა და ეუთოს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერს შეხვდება, ასევე – გაიმართება საქართველოს შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზოევსა და ავღანეთის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ ღანისთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას – “გაეროს რეფორმები”, ასევე, მონაწილეობას მიიღებს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ინოვაციური დაფინანსების განმტკიცების თემაზე დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრის გახსნით სესიაში.

იგეგმება საქართველოს მთავრობის მეთაურის დასწრება მაღალი დონის შეხვედრაზე თემაზე – ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმები, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივან ბორის ჯონსონისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერტ კოენდერსის თანათავმჯდომარეობით გაიმართება; გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს “ბლუმბერგის” გლობალური ბიზნესფორუმის ფარგლებში მაიკლ ბლუმბერგის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე მიწვეულია ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გაეროში დელეგაციების ხელმძღვანელთა პატივსაცემად გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები