ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის საკითხი ზედმეტად პოლიტიზირებულია – ბიბილოვი

ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემის საკითხი ზედმეტად პოლიტიზირებულია – ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის საკითხი „ზედმეტად პოლიტიზირებულია“.

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ბიბილოვმა ასვე აღნიშნა, რომ ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემამდე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უნდა დასრულდეს.

„ჩვენ მშვენივრად გვესმის, იმისთვის, რომ ცხედარი გადავცეთ საჭიროა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდეს. ეს ესმით ევროპაშიც და ამერიკაშიც. მაგალითად, იგივე საქართველოში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას 1 თვე სჭირდება. არავინ ამბობს, რომ ტატუნაშვილის ცხედარი არ უნდა გადავცეთ, თუმცა, ასეთი პოზიციაც აქვს ჩვენს საზოგადოებას. 150 უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანი გვყავს, რომელთა შესახებ ახლობლებმა არაფერი იციან, მაგრამ ამისგან პოლიტიკას ხომ არ ვაკეთებთ. ვშიშობთ, რომ ექსპერტიზის გარეშე ცხედრის გადაცემით უფრო მეტ ნეგატივს მივიღებთ. მოგვეცით საშუალება, ყველაფერი კანონის მიხედვით გავაკეთოთ“, – ციტირებს ბიბილოვის კომენტარს სააგენტო „რესი“.

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

34 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს. დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. 26 თებერვალს და 1-ელ მარტს უშედეგოდ დასრულდა დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის გამართული მოლაპარაკებები, ოჯახისთვის მისი ცხედრის გადმოცემის საკითხზე. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები