ხორავას ქუჩის საქმეზე რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება-გიორგი გახარია

ხორავას ქუჩის საქმეზე რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება-გიორგი გახარია

ხორავას ქუჩის საქმეზე რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი გარემოებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გახარია თქმით, შეფასებებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

„საპარლამენტო კომისიამ მუშაობა ახლახან დაიწყო და გრძელდება. კომისიის მუშაობის ვადა სამი თვეა და სულ რაღაც სამი დღეა მუშაობს. ამას გარდა, გამოყოფილია ცალკე საქმე, რომელიც 27 დეკემბერს გამოიყო. ამ საქმის ფარგლებში, სიტუაციის, მოვლენების განვითარების არც ერთ შემთხვევას, არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

31 მაისს სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომლის მიხედვით, მოსამართლემ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა ერთ-ერთი ბრალდებული ერთ ნაწილში გაამართლა, დაზარალებული მხარის პროტესტი მოჰყვა. მკვლელობის საქმე გამოძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბრუნა და მას მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომელმაც მუშაობა 8 ივნისს დაიწყო. 13 ივნისს საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმეზე დასაკითხი პირების სია გამოაქვეყნა.

გამოძიების ფარგლებში მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს საგამოძიებო კომისია ციხეში გამოკითხავს.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით მერაბ მორჩაძე 8 ივნისს დააკავეს. 10 ივნისს კი წინასწარი პატიმრობა მირზა სუბელიანს შეეფარდა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები