თეა წულუკიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელად თამარ ქალდანი წარადგინა

თეა წულუკიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელად თამარ ქალდანი წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელად თამარ ქალდანი წარადგინა.
მისი თქმით, თამარ ქალდანი აღნიშნულ მექანიზმს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უხელმძღვანელებს.
„თამარ ქალდანს წელიწადნახევარში ეწურება უფლებამოსილების ვადა. უნდა აღინიშნოს, რომ თუ მხარს დაუჭერს პარლამენტი, ეს საგამოძიებო მექანიზმი ამოქმედდება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. რამდენიმე თვე ის ამ ფუნქციას შეითავსებს და შემდეგ პარლამენტს მოუწევს, ახალი ხელმძღვანელი ხუთი წლის ვადით აირჩიოს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ მომზადებულ კანონპროექტშია ნათქვამი, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სახელმწიფო ინსპექტორი გახდება.
კანონპროექტის თანახმად, ამ ინსტიტუტს სახელმწიფო ინსპექტორი უხელმძღვანელებს, რომელიც, საგამოძიებო ფუნქციებთან ერთად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებსაც შეისწავლის. ინსპექტორის ორ-ხუთ კანდიდატს სპეციალური კომისია შეარჩევს და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს. პრემიერ-მინისტრი კი პარლამენტს ორ კანდიდატს შესთავაზებს ასარჩევად.
პირველ ეტაპზე, სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციას, ვადის ამოწურვამდე, თამარ ქალდანი შეასრულებს. რაც შეეხება გარანტიებს, ინსპექტორი ისარგებლებს იმუნიტეტით და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მხოლოდ მთავარი პროკურორი შეძლებს, პარლამენტის ნებართვით.
თავის მხრივ, ინსპექტორს შეუძლია, გამოძიება და დევნა დაიწყოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. გამონაკლისია მთავარი პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ თეა წულუკიანმა დღეს გააკეთა განცხადება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები