“საქართველო ადასტურებს მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას”

“საქართველო ადასტურებს მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას”

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე, ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართულ დისკუსიაზე, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უდრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარებაზე, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, – ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მოლაპარაკებების მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი მონაწილეობს, დღის წესრიგის სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების უხეში დარღვევები, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების ჩათვლით, ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები განიხილეს, რაც არ შეწყვეტილა პანდემიის ფონზეც ე.წ. „ბორდერიზაციის“, მოქალაქეთა უკანონო დაკავებების და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის სახით.

თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა და, რომელსაც უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის გაუსაძლის პირობებს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, მედიკამენტებზე და საარსებო საშუალებებზე წვდომის შეზღუდვამ გამოიწვია. აღინიშნა ადგილობრივი სამოქალაქო ატივისტების შევიწროების საკითხი. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ამგვარი რეჟიმის გაგრძელების მიუღებლობას, რომლის შედეგადაც ფაქტიურად მძევლად არის აყვანილი ოკუპირებული რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა“ – აცხადებენ მინისტრის აპარატში.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო უკანონო დაკავებები.

საქართველოს დელეგაციამ კვლავ მთელი სიმწვავით დააყენა ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი; ამასთან განხილულ იქნა ირაკლი ბებუას საქმე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ მოხდეს უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივი და უპირობოდ გათავისუფლება. ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების – ერგნეთში შეუფერხებლად მუშაობის და გალში წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას“ – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს დელეგაციამ კვლავ დააყენა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციისა და დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებმა განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე ტრადიციულად უარი განაცხადეს და მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვეს.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების არაპოლიტიკურ ჭრილში განხილვის აუცილებლობას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. თავის მხრივ, საქართველო ადასტურებს მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას, რათა ეფექტიანად მოხდეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტა“ – აღნიშნულია მინისტრის აპარატის გავრცელებულ განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები