საკრებულოში ღონისძიება „ერთად ვეძებოთ გზები“ გაიმართა

საკრებულოში ღონისძიება „ერთად ვეძებოთ გზები“ გაიმართა

თბილისის საკრებულოში, გენდერული საბჭოს ეგიდით, დღეს ღონისძიება – „ერთად ვეძებოთ გზები“ გაიმართა.  შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე და ბიზნესსექტორში დასაქმებული ქალები ესწრებოდნენ. ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, მარიკა დარჩიამ გახსნა.
მან ღონისძიების მიზანსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, შეხვედრა მიზნად პოლიტიკურ, კულტურულ და სამეწარმეო საქმიანობაში ქალის როლის გააქტიურებას ისახავდა.
“დღევანდელი შეკრება არის იმის მცდელობა, რომ გენდერულ თანასწორობაში არსებული ვექტორი ახლებურად დავინახოთ. მთელი მსოფლიო წერს ისტორიებს ქალების შესახებ, რომელთაც გადალახეს დაბრკოლებები. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ბარიერებთან ბრძოლის გზების ძიებისკენ არის მიმართული. არსებობს პრობლემები, თუმცა ყოველი მარცხის უკან არის გამარჯვების მოპოვებით პრეცედენტის შექმნის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, სხვა ადამიანებს მაგალითს მისცემს“, – განაცხადა მარიკა დარჩიამ.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემაც მიმართა. გიორგი ტყემალაძემ რეგიონული მუნიციპალიტეტების, ბიზნესსექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საკრებულო მომავალშიც აპირებს კიდევ უფრო განავითაროს და მეტი პრიორიტეტი განუსაზღვროს გენდერული თანასწორობის საკითხებს.
„მარიკა დარჩიას, როგორც გენდერული საბჭოს თავმჯდომარის დამსახურებით, ჩვენ უკვე არაერთი კონკრეტული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. მათ შორის, უპირველესად, გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმა და ზოგადი სტრატეგია.  აღსანიშნავია, რომ ამგვარ ფორმატში შეხვედრა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, ვიყოთ აქტიურები, გავაუმჯობესოთ და  გადავხედოთ მიღწეულ შედეგებს. ერთობლივად უნდა შევძლოთ და დავსახოთ გეგმები, რომლებიც გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები