როგორ გამოიყურება და რა შესაძლებლობები აქვს სახანძრო თვითმფრინავს, რომელიც უკრაინამ საქართველოს ცეცხლის ჩასაქრობად გამოუგზავნა

როგორ გამოიყურება და რა შესაძლებლობები აქვს სახანძრო თვითმფრინავს, რომელიც უკრაინამ საქართველოს ცეცხლის ჩასაქრობად გამოუგზავნა

ამჯერად სტიქია აბასთუმანში მძვინვარებს. ხანძარი 29 აგვისტოს დღის ბოლოს გაჩნდა. მის ჩასაქრობად ადგილზე უკვე გადასროლილია 1000-ზე მეტი ადამიანი.

გუშინ საღამოს პრემიერ-მინისტრ გიორკი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარში გადაწყდა, რომ დასახმარებლად უკრაინა სპეციალურ სახანძრო თვითმფრინავს გამოგზავნიდა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოდესაში საწვავის მარაგის შევსების შემდეგ თვითმფრინავი საქართველოსკენ გამოემართა. Ан-32П-ს ტიპის სახანძრო თვითმფრინავის ოთხ ავზში 8 000 ლიტრი წყალი ეტევა. საფრენი აპარატი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება.

მოცემული საფრენი აპარატი, 1993 წელს უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დაკვეთით სამხედრო-სატრანსპორტო Ан-32-ის ბაზაზე შეიქმნა. თურქეთის კუთვნილებაში არსებული CL-215-სგან განსხვავებით, რომელიც ბორჯომში ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა, უკრაინული თვითმფრინავი წყალზე ვერ ჯდება. წყლის მარაგის შევსებისთვის ის ბაზირების აეროპორტში ბრუნდება. წყალი ფიუზელაჟის გარეთ არსებულ ოთხ წყლის რეზერვუარში თავსდება. საჭიროებიდან გამომდინარე თვითმფრინავს ერთ ჯერზე ერთდროულად ორი ან ოთხი ავზის ჩამოცლა შეუძლია.

უკრაინელები ამ თვითმფრინავს აქტიურად 1994 წლიდან იყენებენ. 1994 წელს ესპანეთში ძლიერი ხანძრის ქრობისას ერთი Ан-32П ჩამოვარდა. იმ დღეს ეკიპაჟი რიგით მე-10 ფრენას ასრულებდა. სავარაუდოდ, კატასტროფაში მთავარი როლი სწორედ ფიზიკურმა დაღლილობამ ითამაშა. დაბალ სიმაღლეზე საფრენი აპარატი ხეებს წამოედო. ბორტზე მყოფი 6 ადამიანიდან 5 დაიღუპა.

ამჟამად უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ოთხი ასეთი თვითმფრინავი ჰყავს. 2005 წელს კიდევ ოთხი Ан-32П ლიბიის მაშინდელმა ხელისუფლებამ შეიძინა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები