რამდენი დღის გაცდენის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ბავშვი სკოლის მიღმა?

რამდენი დღის გაცდენის შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ბავშვი სკოლის მიღმა?

90 დღიანი ვადა დავწიეთ 45 დღემდე, – ასე უპასუხა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გადაცემა „დილის შოუ“ დასმულ შეკითხვას, იმის შესახებ, რჩება თუ არა ბავშვი სკოლის მიღმა თუ 90 დღე სასწავლო დაწესებულებაში არ მივა.

მისი თქმით, სისტემა ვითარდება იმ კუთხით, რომ სკოლა გახდეს უფრო სოციალური, საინტერესო და ბავშვმა თავი დაცულად იგრძნოს.

„ადრე საერთოდ არაფერი ხდებოდა ამ 90 დღის განმავლობაში. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ 90 დღის გასვლას, ლოდინი არაფერს მოგვცემს, აქტიურ ქმედებასა და ჩარევაზე უნდა გადავიდეთ და შევისწავლოთ პრობლემა. დღეების რაოდენობა არაფერს გვაძლევს. თუ საერთაშორისო გამოცდილებას ვნახავთ, 45 დღეც ბევრია მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. სისტემა ვითარდება იმ კუთხით, რომ სკოლა გახდეს უფრო სოციალური, საინტერესო და ბავშვმა თავი დაცულად იგრძნოს. ჩვენი მიზანია, რომ რაღაცნაირად ჩავერიოთ, დავფიქრდეთ იმაზე, რატომ არ დადის ბავშვი, იქნებ სკოლაშია პრობლემა, ან მოსწავლეებში, ან სულაც სასწავლო გარემო არაა მისთვის საინტერესო, ამიტომ სკოლამაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას. აქ არის ორივე მხარის, ოჯახი, როგორც კანონიერი წარმომადგენელი და ასევე სკოლის პასუხისმგებლობა. დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავაცნობიეროთ, სისტემურად დალაგდეს და გავითავისოთ ეს პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. აქვე, მადლობა მინდა ვუთხრა „იუნისეფს“, რადგან არა ერთი ექსპერტი ჩამოვიდა, ჩვენთან ერთად იმუშავა და გვქვს სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც უფრო ხისტია. იქ საუბარია იმაზე, როგორ უნდა აეწყოს საინფორმაციო ბაზები, ყოველი დღე როგორ გაიწეროს და რა ქმედების მერე რა უნდა გაკეთდეს, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვართ მზად ასეთი ხისტი დოკუმენტი შევქმნათ. ნელ-ნელა უნდა წავიდეთ იქეთ, რომ სრულყოფილი სოციალური პაკეტი შევუქმნათ სკოლას და მოსწავლეს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები