პარლამენტის ბიუროს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა

პარლამენტის ბიუროს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტს ძველი შემადგენლობით წარედგინა, გარდა, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისა, რომელიც მინისტრთა კაბინეტში ფორმალურად, მოადგილეების სახით არიან წარმოდგენილნი. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ჩერქეზიშვილი, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე კი ნიკოლოზ გაგუაა წარდგენილი. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეები იყვნენ.

დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ამ დრომდე მოქმედი მინისტრი.

19 ივნისს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს შეხვდებიან, რომლის გრაფიკიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უკვე გაიწერა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება 20 ივნისს იგეგმება.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მოსახლეობას მთავრობის შენახვა გაცილებით იაფი უნდა უჯდებოდეს, ვიდრე – ახლა. სწორედ ამიტომ მმართველი პარტიის კანდიდატი რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს. ახალი სტრუქტურა პარლამენტს, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში წარედგინება.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა. ამის მიზეზად მან პარტიის თავმჯდომარესთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები