პარკირების წესების დარღვევისთვის, ბოლო ერთი თვის მონაცემით, 11 946 პირი 119 460 ლარით დაჯარიმდა

პარკირების წესების დარღვევისთვის, ბოლო ერთი თვის მონაცემით, 11 946 პირი 119 460 ლარით დაჯარიმდა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ დედაქალაქში პარკირების სისტემის მართვის ერთთვიან პერიოდს აფასებს და აღნიშნავს, რომ პარკირების წესების დარღვევისთვის, ბოლო ერთი თვის მონაცემით, 11 946 პირი 119 460 ლარით დაჯარიმდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, გიორგი ზოიძის, განცხადებით, ორგანიზაციისთვის მოკვლევის ძირითად საგანს წარმოადგენდა დადგენილიყო, თბილისში პარკირების სისტემის მმართვაში სახელმწიფო კომპანიის შემოსვლიდან პირველივე თვეში, თუ რა ძირითადი გამოწვევები გამოიკვეთა. ორგანიზაცია დაინტერესდა 2018 წლის 10 აპრილიდან – 2018 წლის 10 მაისის მდგომარეობით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ პარკირებისა და დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის რამდენი პირი დააჯარიმა. ამავე პერიოდში, რამდენი ავტოსატრანსპორტოს საშუალების გადაყვანა მოხდა სპეციალურ საჯარიმო ავტოსადგომზე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ რა ფორმით ახდენს სამართალდამრღვევი პირების დაჯარიმებას, საანგარიშო პერიოდში, რამდენმა პირმა მომართა საჯარიმო სანქციასთან დაკავშირებული პრეტენზიით ან/და საჩივრით ჯარიმის გაუქმების შესახებ. აგრეთვე, ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა ვადით ახორციელებს დასახელებულ საქმიანობას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და გააჩნია თუ არა მას  თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების სისტემის განვითარების სტრატეგიული გეგმა.

ორგანიზაციის შეფასებით დგინდება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან 10 მაისის მდგომარეობით, საერთო ჯამში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, რაც გულისხმობს სატრასპორტო საშულების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, კერძოდ ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა და დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევებს, შედგენილია 11 946 საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. თითოეული 10 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ერთი თვის მონაცემებით, საჯარიმო სანქციის სახით, თანხამ საერთო ჯამში შეადგინა – 119 460 ლარი.

“ორგანიზაციამ მოკლვევის პროცესში ყურადღება გაამახვილა საჯარიმო სანქციის გაუქმების მოთხოვნით კომპანიის მიმართ არსებულ საჩივრებზე. ირკვევა, რომ ასეთი საჩივრები საკმაოდ დაბალია. 2018 წლის 10 აპრილიდან 10 მაისის მდგომარეობით, საერთო ჯამში, ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით, მხოლოდ ორმა მოქალაქემ მიმართა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“. ამასთან, ამ შემთხვევაშიც უცნობია განცხადებებზე რეაგირების საკითხი.

მოქალაქეთა მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ნაკლები ინფორმაციით, ვინაიდან პარკირების სისტემის მმართველი კომპანიის ცვლილების შემდეგ შეინიშნება მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობა ცალკეული საკითხების მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვანია, საჯარიმო ქვითრების ადრესატისთვის ჩაბარების საკითხი, რაც მოქმედი სატრანსპორტო კომპანიის წინამორბედი „სითი პარკის“ საქმიანობაში, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა. ამასთან, ამ საკითხზე სატრანსპორტო კომპანიის პოზიცია, რომ კომპანია კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მხარისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას, ვერ იქნება მიღებული დასახელებული პრობლემის აღმოფხვრისკენ გადადგმულ ნაბიჯად. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩაბარების პრობლემა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, რის შედეგადაც არსებული რეგულაცია კარგავს თავის ფუნქციას და სათანადოდ ვერ ემსახურება მიზანს, ვინაიდან სამართალდამრღვევის მიმართ ჯარიმის ვერ ჩაბარების გამო სამართალდამრღვევი თავისუფლდება დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან.

ორგანიზაცია საჯარიმო ქვითრის ჩაბარების საკითხის მოწესრიგების გარდა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელმწიფო კომპანიაში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული გეგმის არ არსებობას ასახელებს. მნიშვნელოვანია, დედაქალაქში მოსახლეობისა და შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობის ზრდის ფონზე, პარკირების სისტემის მმართვის კომპანიას განვითერებისა და მოდერნიზაციის სტრატეგიული დოკუმენტის სახით, გააჩნდეს გრძელვადიანი ხედვა, რომელიც იქნება არსებულ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის რეალობასთან შესაბამისი და დროში განჭვრეტადი, რომელიც ეტაპობრივად უზრუნველყოფს თბილისში პარკირების მიმართულებით არსებული მეტად რთული მდგომარეობის გადაწყვეტაა”,- აცხადებენ კომპანიაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ვინაიდან „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიას და თბილისის პარკირების სისტემის მართვას, ორგანიზებასა და კონტროლს ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, არ იკვეთება კონკრეტული ვადა, თუ რა ხანგრძლივობით უნდა მართოს დასახელებულმა კომპანიამ პარკირების სისტემა, რაც ცალსახად ქმნის ბუნდოვანებას და ხდება პარკირების სისტემის განვითარებისა და მოდერნიზაციის შემაფერხებელი არც თუ ისე უმნიშვნელო გარემოება.

“პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, თბილისის მერიის აქტიური მონაწილეობით განისაზღვროს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების მმართვის კომპანიის საქმიანობის ვადის განსაზღვრა, აღნიშნული კომპანიის თანამონაწილეობითა და მოაქალაქეთა ჩართულობით უნდა შემუშავდეს თბილისის პარკირების სისტემის განვითარებისა და მოდერნიზაციის სტრატეგიული გეგმა, რის მიხედვითაც, მმართველი კომპანია განახორციელებს საქმიანობას. მნიშვნელოვანია, საჯარიმო სანქციათა ეფექტურობისთვის განისაზღვროს საჯარიმო ქვითრის შედგენისა და სპეციალური წესი, რისი დაცვითაც, დღის წესრიგიდან მოიხსნება საჯარიმო სანქციათა ჩაბარებისა და შემდგომში აღსრულების საკითხი. ეს უდავოდ გამოიწვევს ჯარიმებზე ნაკლებ სასამართლო დავას და სანქციების მიმართ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მხრიდან მეტ სოლიდარობას”,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები