ოკუპირებულ ახალგორში გადაადგილების შეზღუდვის გამო, 21 ბავშვი წეროვანის სკოლაში ვერ დადის

ოკუპირებულ ახალგორში გადაადგილების შეზღუდვის გამო, 21 ბავშვი წეროვანის სკოლაში ვერ დადის

წეროვანის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ირმა ტატიშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ახალგორში გადაადგილების შეზღუდვის გამო, ახალგორის დატოვებასა და სკოლაში სიარულს 21 მოსწავლე ამ დრომდე ვერ ახერხებს. როგორც მან პირველ არხს განუცხადა, წეროვანის სკოლის მოსწავლეების უმეტესობა ოკუპირებულ ახალგორში მშობლების გარეშე, ბებიებთან და ბაბუებთან იმყოფება.

„21 მოსწავლიდან ყველაზე უფროსი მეცხრე კლასელია, ყველაზე პატარა – პირველკლასელი. ძალიან გვაწუხებს ეს ფაქტი, რადგან ირღვევა ამ ბავშვების ფუნდამენტური უფლება – განათლების უფლება და ისინი მძევლები არიან. მინდა, დავამშვიდო ბავშვები და მშობლები, როდესაც გზა გაიხსნება, მასწავლებლები სრულიად უანგაროდ ჩაუტარებენ გაკვეთილებს, რათა ეს განაცდური აღვადგინოთ“, – განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილემ.

პირველ არხის ინფორმაციით,  არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ზამთრის არდადეგებზე წეროვანის დასახლებაში დარჩნენ და ოკუპირებულ ახალგორში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ამასთან, ახალგორში შესვლას ვერ ახერხებს 14 პედაგოგი, რომლებიც ახალგორის ქართულ სკოლებში ასწავლიან. თინიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამის გამო დე ფაქტო რეჟიმმა ისინი სამსახურიდან გაათავისუფლოს.

ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის მიზეზად დე ფაქტო რეჟიმი გრიპის ვირუსს ასახელებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები