“მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა მოჩვენებითია და “ნაცმოძრაობა“ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”

“მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა მოჩვენებითია და “ნაცმოძრაობა“ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ უსუსური და გამოგონილი მიზეზებით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით საზოგადოების თანაგრძნობის გამოწვევას ცდილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს. „ესაა მორიგი უსუსური მცდელობა თანაგრძნობის გაჩენის, შედეგი არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ყველა კარგად ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე ინფორმაცია არ დაიმალება და გუშინ ოფიციალურად, იუსტიციის მინისტრის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ეს ადამიანი რეალურად არ შიმშილობს, იღებს იმ საკვებსა და სამედიცინო დახმარებას რაც მას სჭირდება“, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სხვაობა ისაა, რომ სააკაშვილი გარეთ აღარაა და ჩვეულებრივად განაგრძობს საკვების მიღებასაც, შესაძლოა იმდენის არა, რამდენსაც აქამდე მისი მოთხოვნიდან გამომდინარე იღებდა. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ქმედებების მიზანს ვერ ვხვდები და ვერ გეტყვით რას შეიძლება მიაღწიოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ საზოგადოებამ მათ რამდენჯერმე უკვე უთხრა უარი. თუმცა ამ ხერხსა და საშუალებას აღვწერ ისე, როგორც რეალურად დავინახეთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დემოკრატიულ მიზნებს ამოფარებულები ცდილობდნენ საზოგადოება მოეტყუებინათ, შეცდომაში შეეყვანათ, წარმოეჩინათ თავიანთი ე.წ. მიღწევები გრანდიოზულად. რეალურად აშენებდნენ ერთ კაცზე მორგებულ სახელმწიფოს და მეორეს მხრივ ეს შიმშილობაც არის მოჩვენებითი და მორიგ ჯერზე ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები