მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურს ეწვევა

მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურს ეწვევა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურს ეწვევა. ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატ პაველ ბოგომაზოვზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, რა მიზნით მივა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უწყებაში.

“დღეს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში ადვოკატებთან ერთად მივა”, – განაცხადა ბოგომაზოვმა.

უკრაინის გენპროკურორმა გუშინ, 24 ოქტომბერს, განაცხადა, რომ საიმიგრაციო სამსახურმა სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა, რაც მისი საქართველოში დეპორტაციის რისკებს ზრდის.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი ოქტომბრის დასაწყისში სთხოვა.

10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.

ლვოვის პოლიციამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადალახვისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით აღძრა.

26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, რის გამოც მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ექსპრეზიდენტის ექსტრადიციაზე მოთხოვნა ორჯერ გაუგზავნა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები