კრემლი აბსურდულს უწოდებს კრიტიკას, რომელიც სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების ინტერვიუს მოჰყვა

კრემლი აბსურდულს უწოდებს კრიტიკას, რომელიც სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების ინტერვიუს მოჰყვა

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აბსურდული უწოდა რუსეთის ტყუილში დადანაშაულებას მას შემდეგ, რაც რუსეთის ტელევიზიამ აჩვენა ინტერვიუ სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილ პირებთან. პესკოვის თქმით, თუ ბრიტანეთი ოფიციალურად მოითხოვს ორი ეჭვმიტანილის დაკითხვას, მოსკოვი მზად არის განიხილოს ეს საკითხი. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში განიხილავენ ბრიტანეთის ნებისმიერ თხოვნას სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილი ორი პირის დაკითხვის თაობაზე. მაგრამ როგორც კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, აქამდე ასეთი თხოვნა ბრიტანეთის მხრიდან არ ყოფილა.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს ბრალი დასდო სკრიპალების საკითხის გაბუნდოვანებისა და ტყუილის მორიგ მცდელობაში.

ორმა კაცმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ არიან რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი, ინტერვიუ მისცეს რუსეთის ტელეარხ Russia Today-ს. ეჭვმიტანილებმა უარყვეს მათი მონაწილეობა მკვლელობის განზრახვაში. მცირე ფრაგმენტში, რომელიც რუსულმა ტელეარხმა უჩვენა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ის და მისი მეგობარი სოლსბერის ესტუმრნენ ბრიტანეთში მყოფი საერთო მეგობრის თხოვნით, რა დროსაც, შესაძლოა, სრულიად შემთხვევით მიახლოვებოდნენ სერგეი სკრიპალის სახლს.

დიდი ბრიტანეთის პარლმენტის დეპუტატმა სოლსბერიდან, ჯონ გლენმა, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა განცხადება ნდობას არ იმსახურებს. მისი სიტყვებით, ინტერვიუში მოყოლილი ვერსია არ შეესაბამება დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ხელთ არსებულ ინფორმაციას.

5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მათ გამოაშკარავებაში ლონდონს ბრიტანელების მიერ გადაბირებული აგენტი დაეხმარა, რომლის კოდური სახელი „აპოლონია“. სწორედ მან გაუმხილა ბრიანულ სპეცსამსახურებს ეჭვმიტანილების სახელი.

მისი ინფორმაციით, პეტროვსა და ბოშიროვს დიდ ბრიტანეთში თან ახლდა კიდევ 4 პირი ახლდა, რომლებიც სკრიპალებს უთვალთვალებდნენ.

რუსეთის „გრუ”-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი “ნოვიჩოკით” მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამლვას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.

დიდი ბრიტანეთში ეს “ნოვიჩოკით “მოწამვლის უკანასკნელი შემთხვევა არ ყოფილა. საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო 9 ივლისს გარდაიცვალა 44 წლის დაუნ სტარჯესი, ხოლო მისი მეუღლე გადარჩა და ჩარლი როული გონს მოვიდა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ეიმსბერიში ბრიტანელები „ნოვიჩოკით“ მოიწამლნენ.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები