“ირკვევა, რომ ფაქტორები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, სისტემურ და მზარდ პრობლემას წარმოადგენს”

“ირკვევა, რომ ფაქტორები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, სისტემურ და მზარდ პრობლემას წარმოადგენს”

“ირკვევა, რომ ფაქტორები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, სისტემურ და მზარდ პრობლემას წარმოადგენს,”- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში წერია.

დასკვნაში წერია, რომ კომისიამ გაანალიზა სტატისტიკა, რაც ადასტურებს სკოლებში უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ პრობლემებს. სტატისტიკის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ:

1.   საგრძნობლად მომატებულია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები: მაგალითად 2015-16 წლებში 2582 შემთხვევა იყო, ხოლო 2017-18 წლებში- 3673.

მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის სტატისტიკა ასევე გაზრდილია კონფლიქტში მონაწილე პირების სკოლებში. კერძოდ, 51-ე საჯარო სკოლაში 2015-16 წლებში 77, ხოლო 2017-18 წლებში- 139 შემთხვევა დაფიქსირდა. 1 ექსპერიმენტულში კი 2015-16 წლებში მხოლოდ 13 შემთხვევა იყო, მაშინ როდესაც 2017-18 წლებში 62.

2.  ბოლო წლებში ასევე საგრძნობლად არის მომატებული სკოლებში აკრძალული ნივთების  მოხმარება. კერძოდ, 2015-16 წლებში 1806 შემთხვევა იყო, 2017-18 წლებში – 2452;

3.  ბოლო წლებში საგანგაშოდ ზრდადია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვისა და გაკვეთილების ჩაშლის სტატისტიკა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ხორავას ტრაგედიაში მონაწილე სკოლებში.

“შესწავლილი ინფორმაციით ნათელია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე სკოლაში დაფიქსირებული ყველა ის პრობლემური ქცევა, რომელიც ხორავას ქუჩის ტრაგედიას უძღოდა წინ, არ არის გამონაკლისი და დღევანდელი სასკოლო სისტემის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს,”- ნათქვამია დასკვნაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით სამინისტროს სხვადასხვა ტერიტორიულმა დანაყოფმა 2017 წლის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისგან მიიღო 252 შეტყობინება, ხოლო 2018 წლის 7 თვის განმავლობაში – 295 შეტყობინება.

რაც შეეხება შეტყობინებებზე რეაგირებებს, ამავე წერილით რეაგირებად განხილულია, რომ ნაწილზე დაიწყო გამოძიება, ხოლო ნაწილზე – ადმინისტრაციული საქმის წარმოება, ზოგიერთ შემთხვევაში კი დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო, სამინისტროს შეფასებით შეტყობინებაზე რეაგირება სცილდებოდა მათი კომპეტენციის ფარგლებს.

კომისიამ, მიუხედავად მოთხოვნისა, 2 კვირის განმავლობაში ვერ მიიღო პასუხი საქართველოს მასშტაბით 2017 და 2018 წლებში მიღებულ შეტყობინებებზე არასრულწლოვანთა განყოფილების მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ.

დასკვნაში წერია, რომ არ არსებობს სკოლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, შსს-ს მიერ უგულებელყოფილია და არ სრულდება მთავრობის დადგენილება ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე”.

1 სექტემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე, პარლამენტის საგმოძიებო კომისიამ დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა. ასევე გაავრცელეს სათვალთავლო კამერით დაფიქსირებული კადრების ფრაგმენტი, რომელშიც, მათი განმარტებით, ჩანს რა ხდებოდა ჩხუბის დროს.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის ახალი ფრაგმენტები  კი 2 სექტემბერს გასაჯაროვდა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები