ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ – 24-საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ – 24-საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან

ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული, 24-საათიანრეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან, მანამდეც მქონდა შეხვედრები, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავით, რაც დასრულდა კონკრეტული შედეგით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა.

„ეს პროცესი დავიწყეთ, დაახლოებით, ერთი თვის წინ, როცა მე მქონდა საუბარი ორივე ქვეყნის ლიდერებთან- პრეზიდენტ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. პროცესი დავიწყეთ ერთი თვის წინ და გუშინ დავასრულეთ კონკრეტული შედეგით, რაც მართლაც უპრეცედენტოა. საქართველომ ფასილიტაციის თუ ხელშეწყობის როლი იკისრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მათი ჩართულობით, შესაძლებელი გახდა 15 სომეხი სამხედროს გათავისუფლება, რომლებიც ომის დროს იქნენ დაკავებულნი. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი მასალა და დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება დანაღმულ ტერიტორიას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის ლიდერს, პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიან“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო კვლავ მზადაა, მხარეებს შორის მედიაცია გააგრძელოს.

„სრული მზადყოფნა დავუფიქსირე ორივე ქვეყნის ლიდერს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება რეგიონში საერთო მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევით. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის მიღწევა, რაც იქნება საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები