გიორგი გახარია: ჩვენ არ გვაქვს დრო წარსულში ჩასარჩენად და წარსულზე სასაუბროდ

გიორგი გახარია: ჩვენ არ გვაქვს დრო წარსულში ჩასარჩენად და წარსულზე სასაუბროდ

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ასპინძაში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

„მოგესალმებით ასპინძელებო! საოცარი ისტორიის, ციხესიმაგრეების და ღვთაებრივი ვარძიის კუთხის შვილებო. თქვენთან ერთად საუბარი საქართველოს მომავალზე და ასპინძის მომავალზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ არ გვაქვს დრო წარსულში ჩასარჩენად და წარსულზე სასაუბროდ. ჩვენ, იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტს. მარტივ ციფრს გეტყვით, 2013 წელს, ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავალი იყო დაახლოებით 180 000 ლარი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, დღეს ეს არის 10 მლნ ლარზე მეტი. მარტივი ციფრებია. ასპინძაში მიმდინარეობს ისეთი სამუშაოები, როგორიც არის საირიგაციო წყლის მომარაგება, სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა. დაახლოებით 500 ჰექტარი უკვე მოყვანილია წესრიგში, ახლა მიმდინარეობს დამატებითი პროექტი და გაკეთდება კიდევ დამატებით 500 ჰექტარი სარწყავი სისტემის უზრუნველყოფა.

რა თქმა უნდა, არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ სასმელი წყალი, ისევე, როგორც წყალარინების სისტემა, ისევე, როგორც ბევრი სკოლა და საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ წესრიგშია მოსაყვანი. მარტივ ციფრს გეტყვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში, სისტემურ ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, ეს არის გზები, სკოლები, ბაღები, სარწყავი სისტემები, წყალმომარაგების სიტემები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაგრძელდება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ სხვაობა არ უნდა იყოს, როგორ ცხოვრობს ადამიანი თბილისში, ბათუმში, ასპინძაში თუ სხვაგან. ყველა ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დაახლოებით თანაბარი უფლება, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები