ჩვენთვის მთავარი ამოსავალი ყოველთვის იქნება, მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლის გარეშე-გიორგი მარგველაშვილი

ჩვენთვის მთავარი ამოსავალი ყოველთვის იქნება, მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლის გარეშე-გიორგი მარგველაშვილი

დღესაც, როდესაც ჩვენი სამშობლოს დაცვის წინაშე ყოველდღიურად ვდგავართ, როდესაც თქვენი იმედი გვაქვს, თქვენც უნდა გქონდეთ ჩვენი იმედი, იმედი პოლიტიკოსების, რომლებიც ბოლომდე თქვენ გვერდში ვიდგებით, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ჯარისკაცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.
„ყოველთვის იქნება ჩვენთვის მთავარი ამოსავალი, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლის გარეშე. ამ გადაწყვეტილებაში, ამ სიმტკიცეში ჩვენ გვაძლიერებს თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი საბრძოლო შემართება და ერთგულება სამშობლოსადმი.
გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ დღეს, როდესაც საქართველომ აღადგინა შეიარაღებული ძალები და მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია უნარი იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და არა მარტო განაცხადოს ეს, არამედ დაიცვას ეს არჩევანი. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს იმ დღეებისთვის და წლებისთვის სამსახურისა, როდესაც მოგვეცით შესაძლებლობა გვეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენი უნარი ვაშენოთ სახელმწიფო დამოკიდებულია იმ შრომაზე, რომელსაც ყოველდღიურად გასცემთ“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ სამხედროებს მადლობას უხდის იმ სიამაყისთვის, რომლითაც საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრისას ივსება.
„მადლობა მინდა გითხრათ იმ სიამაყისთვის, რომლითაც ვივსები საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრისას, იმ სიმტკიცისთვის, რომელსაც იჩენთ და იჩენდნენ თქვენი თანამებრძოლები წლების განმავლობაში საერთაშორისო მისიებში და მაღლა აღმართავდით ჩვენი სამშობლოს დროშას. თქვენთან ერთად მინდა გავიზიარო ის ტკივილი, რომელმაც არაერთხელ შეძრა სამწუხაროდ ჩვენი სამშობლო და დაატირა ის ოჯახები სადაც მებრძოლები ვეღარ დაბრუნდნენ.
წელს აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წელს. მე არ შემიძლია დღეს ხაზი არ გავუსვა თქვენ თანამებრძოლებს, რომლებიც 100 წლის ყველაზე მტკიცე ჯგუფი აღმოჩნდა მაშინდელი საქართველოსი. მათ ბოლომდე იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის დასაცავად, აღაფრთოვანეს თანამედროვე ახალგაზრდობა, რომ არა მხოლოდ ჯარისკაცები და სამხედრო პირები, არამედ მოქალაქეები, ქალბატონები იდგნენ მათ გვერდით, თბილისის დასაცავად. დღეს როდესაც ისტორიას ვაფასებთ შეგვიძლია ნათლად ვთქვათ, რომ მაშინ შესაძლოა ყველამ ვერ გაუძლო გამოწვევას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა, მაგრამ ჩვენმა გენერლებმა ბოლომდე გასწიეს სამსახური ქვეყნის წინაშე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები