არჩილ თალაკვაძე: გარანტიებს საქართველოს შესახებ ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და ის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები, რომელიც გვაქვს

არჩილ თალაკვაძე: გარანტიებს საქართველოს შესახებ ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და ის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები, რომელიც გვაქვს

„გარანტიებს საქართველოს შესახებ ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და ის ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები, რომელიც ჩვენ გვაქვს. შესაბამისად, არაფერი ახალი გარანტიები არ შეიძლება საქართველომ გასცეს, იმიტომ, რომ მთავარი შეთანხმება, მთავარი პრინციპები, მთავარი ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, უკვე ცნობილია როგორც ამერიკისთვის, ასევე საქართველოსთვის”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
​არჩილ თალაკვაძის თქმით, გარანტიები არის საქართველოს კონსტიტუციაში. 2016 წელს, ხელისუფლებამ მისცა დაპირება საზოგადოებას, რომ შეცვლიდა კონსტიტუციას და 2024 წელს გადავიდოდა პროპორციულ არჩევნებზე და ხელისუფლებამ ეს დაპირება შეასრულა. უთანხმოებაზე კი, რომელიც 2020 წლის არჩევნების მოდელთან დაკავშირებით არსებობს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას კომპრომისული და სამართლიანი შეთავაზება გაუკეთა და მისგან ელის პასუხს.
„დაპირება იყო, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს. ეს არის გაფორმებული საქართველოს ახალ კონსტიტუციაში. ეს დაპირება ჩვენ შევასრულეთ და არის ასახული კონსტიტუციაში. რაც შეეხება წინადადებას, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, შარშან, ივნისის მოვლენების შემდეგ, ეს იყო პოლიტიკური ინიციატივა, რომელსაც ოპოზიციამ არ უპასუხა კონსტრუქციულად, მათ პრაქტიკულად არ მიიღეს ეს შეთავაზება და დარჩნენ ქუჩაში, გააგრძელეს აქციები, გააგრძელეს დეპუტატების შეურაცხყოფა და სხვა დესტრუქციული ქმედებები. რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად, ოპოზიციამ არანაირი ნაბიჯი არ გადმოდგა თანხმობისაკენ. მეტსაც გეტყვით, მე პირადად ვუძღვებოდი საჯარო განხილვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ოპოზიციამ პრაქტიკულად, იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ყველაზე მეტად დებს თავს პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად, მათ არ მიიღეს მონაწილეობა საჯარო განხილვებშიც. უფრო ადრეც, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო ინიციატივა, მაშინაც კი ამ ოპოზიციამ არ დაუჭირა ამას მხარი. ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე, შეთავაზება გაკეთებულია. მთავარია, მოვიქეცით პასუხისმგებლიანად. არჩევნებზე მიიღებს ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტილებას. ჩვენ გვჯერა ჩვენი მოქალაქეების. რა გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ, ეს იქნება რეალური ტესტი თუ რამდენად არის ეს აღქმული როგორც დაპირების გაუქმება ან რაღაც ძალიან დრამატული პოლიტიკური მოვლენა”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები