არჩილ თალაკვაძე – ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო, გაოცებული ვარ ამ კომენტარით

არჩილ თალაკვაძე – ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო, გაოცებული ვარ ამ კომენტარით

ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო, გაოცებული ვარ ამ კომენტარით, ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით, რაც მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით თალაკვაძე გამოეხმაურა დავით გარეჯის საქმეზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის„ტვიტერის“ პოსტს.

თალაკვაძის თქმით, იმედი აქვს, კუბილიუსი საკუთარ განცხადებაზე განმარტებას გააკეთებს.

„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი კუბილიუსის განცხადებას. მან, როგორც ვნახე, თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის, სასაცილოაო. ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო. მე პირადად გაოცებული ვარ ამ კომენტარით, ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი.

დავით გარეჯი არასოდეს და ვერასოდეს ვერ იქნება სასაცილო, ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, ვფიქრობ, არის კატეგორიულად მიუღებელია. ყოველთვის, როცა მომავალში გვექნება შეხვედრები ევროპარლამენტსა, თუ სხვა ევროპულ ფორმატებში, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. იმედი მაქვს, ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „რას ნიშნავს განმარტებას გააკეთებს, ემიჯნებით, ბოდიშის მოხდას ითხოვთ?,- თალაკვაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე ყველა ადამიანს თავისი სამოქალაქო პოზიცია უნდა გააჩნდეს. თალაკვაძის განცხადებით, დავით გარეჯი არის საქართველო და ის ვერასდროს იქნება სასაცილო.

„თქვენ არ ემიჯნებით? მიპასუხეთ, რატომ გეშინიათ პასუხის, როგორც მოქალაქე არ ემიჯნებით? რა კონტექსტში ჰქონდა ნათქვამი, აბა აგვიხსენით. ეს არის პრობლემა ზუსტად, რომ მოდიხართ კითხვით და თქვენი ელემენტარული სამოქალაქო პოზიცია არ გაგაჩნიათ, ადამიანმა თქვა, რომ დავით გარეჯის საკითხი სასაცილოაო, თქვენ არ ემიჯნებით? ძალიან ცუდია ის, რომ ბოდიშის მოხდას მე კიარა, თქვენ უნდა ითხოვდეთ ამაზე. როდესაც დგახართ სვეტიცხოვლის ეზოში და ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ გაქვთ, მათ შორის საერთო მაუწყებლობის მქონე არხს, ეს არის ძალიან ცუდი.

პოზიცია ის არის, რომ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, დავით გარეჯის და ნებისმიერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს. თქვენ პოზიციას ვერ აფიქსირებთ. თქვით მაშინ, რომ ეს მიუღებელია. ეს ის საკითხია, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს პოზიცია. დავით გარეჯი არის საქართველო და ის ვერ იქნება ვერასდროს სასაცილო. ვინც თვლის, რომ ეს არის სასაცილო საკითხი, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი შეფასება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები