ზვიად რატიანის საქმეზე მწერლებმა საზოგადოებრივის ბორდს მენეჯმენტის გათავისუფლება მოსთხოვეს

ზვიად რატიანის საქმეზე მწერლებმა საზოგადოებრივის ბორდს მენეჯმენტის გათავისუფლება მოსთხოვეს

დღეს, 5 დეკემბერს, პოეტ ზვიად რატიანის კადრების გამოქვეყნების გამო, მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვდა და მენეჯმენტის გათავისუფლება მოსთხოვა. საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას თქმით, ბორდი, საკითხს პროცედურების დაცვით მოიკვლევს და გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებლთა ასოციაციის ხელმძღვანელის, გვანცა ჯობავას თქმით, შეხვედრაზე ბორდმა მათი პოზიცია გაიზიარა. მისი თქმით, საბჭოს პირველი განსახილველი საკითხი სწორედ ზვიად რატიანის კადრების გამოქვეყნებაზე მსჯელობა იყო. ჯობავას თქმით, ბორდი გენერალური დირექტორის გადაყენებას უშვებს, თუმცა პირდაპირ ამას არ ადასტურებენ:

“ჩვენ დავაყენეთ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციის საკითხიც, რომ ამ რეპუტაციის აღდგენისთვის უმაღლესი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.”

მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველთვის ჰქონდა და აქვს დიდი რეპუტაციული პრობლემა, არ აქვს ავტორიტეტი და ნდობა. მისივე თქმით, ბორდის პირველივე განცხადება დამაიმედებელი იყო:

“საბჭო ძალიან უხერხულად გრძნობს თავს ამ ყველაფრის გამო ისევე, როგორც ბევრი აქ მომუშავე ჟურნალისტი. ჩვენ ველოდებით ბორდს, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება. ხომ შეიძლება ერთხელ ადამიანი, ვინც სამოქალაქო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით ასეთ სამარცხვინო ნაბიჯს დგამს, ის დაისაჯოს სწორედ საზოგადოებრივად.”

27 დეკემბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული, ნაცემი ზვიად რატიანის ამსახველი, ვიდეო კადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.

მწერლები მიიჩნევენ, რომ რატიანის ვიდეოს გავრცელებით მაუწყებელმა არა ერთი მოქალაქის აგრესია ზვიად რატიანისკენ მიმართა, რითაც საფრთხე შეექმნა თავად მას და მისივე ოჯახის უსაფრთხოებას. მათ მაუწყებელს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიდეოს გამოქვეყნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.

პოეტ ზვიად რატიანს სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს.

წყარო:on.ge

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები