ზვიად ძიძიგური: მეხუთე დღეა ზუგდიდში ვიმყოფები და აქ ძალიან მშვიდი, ცივილური საარჩევნო სიტუაციაა, როგორც ამ ქალაქს შეეფერება

ზვიად ძიძიგური: მეხუთე დღეა ზუგდიდში ვიმყოფები და აქ ძალიან მშვიდი, ცივილური საარჩევნო სიტუაციაა, როგორც ამ ქალაქს შეეფერება

მეხუთე დღეა ზუგდიდში ვიმყოფები და აქ ძალიან მშვიდი, ცივილური საარჩევნო სიტუაციაა, როგორც ამ ქალაქს შეეფერება,-
ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ექსცესები, რომელიც ხდება, ხშირ შემთხვევაში, დაგეგმილია. რაღაც ტიპის შემთხვევებიც ხდება. მაგალითად, როდესაც ქალბატონ სანდრაზე, მის თანმხლებ პირებზე მოხდა თავდასხმა, ეს იყო ისეთი ტიპის თავდასხმა, როდესაც ასე ვთქვათ, ზვიადისტებმა იუკადრისეს ქალბატონი სანდრას ზუგდიდში დანახვა, რადგან ზვიად გამსახურდიას საქმიანობასთან დაკავშირებით მისი შეფასებები მათში უარყოფით ემოციებს იწვევს, მაგრამ მოქალაქეების მხრიდან ასეთი ტიპის ქმედებებზე ხელისუფლება მყისიერად რეაგირებს და დღეს ეს ადამიანი დაკავებულია“, – განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციების მოწყობას, რაც მათი ხელწერაა.
„ჯიხაშკარში, ზვიად გამსახურდიას გვარდიის ერთ-ერთი ბატალიონის ხელმძღვანელის, ვახტანგ ზარანდიას სახლში, კარდაკარის დროს შევიდნენ. მან უთხრა, მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ და გთხოვთ, ჩემთან არ შემოხვიდეთო. ამის მიუხედავად, მაინც შევიდნენ და ისეთი ამბავი მოახდინეს, რომ კაცს თავის სახლში დაუწყეს ხელებისა და მუშტების ქნევა. ეს პირდაპირ პროვოკაციაა და ამას არ შეიძლება, სხვა ახსნა ჰქონდეს. ასევე, ელგუჯა ჯიმცეიშვილს, რომელიც სოფელ რიყეში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, პიკეტირება მოუწყვეს და ქალბატონი სანდრა თითს ცხვირწინ უტრიალებდა, მე შენ გაჩვენებ სეირს 19 მაისის შემდეგო“, – განაცხადა ძიძიგურმა.
ზვიად ძიძიგურმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც მისი თქმით, დღეს გუბერნიის შენობაში იყვნენ და მოქალაქეებს იცავდნენ; მათ შორის – იმ ადამიანებს, რომლებიც აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდნენ.
ძიძიგურმა ასევე განაცხადა, რომ პირველ რიგში, სახელისუფლებო პოლიტიკურ გუნდს სჭირდება არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება და გამოძიება ყველა ინციდენტთან დაკავშირებით არის დაწყებული.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები