ზუგდიდის სასამართლომ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საია-სა და TI-ის საჩივრები არ დააკმაყოფილა

ზუგდიდის სასამართლომ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საია-სა და TI-ის საჩივრები არ დააკმაყოფილა

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შედმეგ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომაც არ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საჩივარი 94-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის შესახებ.

ორგანიზაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. TI-ში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია, რადგან, მათივე მტკიცებით, საკითხი სათანადოდ არ არის შესწავლილი.

„შეგახსენებთ, რომ არჩევნების დღეს ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა. პროტესტის გამოხატვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე და პირობა მისცეს, რომ აღარ განმეორდებოდა მსგავსი შემთხვევა. ამ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომისიის წევრს ხელში ნამცხვრის რეცეპტი ეჭირა და მისი მხრიდან საარჩევნო ყუთში ბიულეტინების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი მეათე საარჩევნო უბნის თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. საიას მტკციებით, გადასატან ყუთთან დაკავშირებული პროცედურა დაირღვა, თუმცა აღნიშნულს არც საოლქო და არც სასამართლო არ ეთანხმება. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ გადასატანი ყუთის უბნიდან ორჯერ გატანა დარღვევა არ არის, რადგან გადასატანი ყუთის სიაში იყო ამომრჩეველი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა და სწორედ მისთვის გახდა ყუთის თავიდან გატანა საჭირო. საია კი ამბობდა, რომ ყუთი 10-დან 15 საათამდე იყო გატანილი, შემოტანისას კი არც დრო დაფიქსირებულა და ყუთი არც დალუქული იყო.

საია-ს იურისტები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, თუმცა, დავის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში არ აპირებენ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები