ზაქარია ქუცნაშვილი: ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება საკმაოდ ადეკვატურად იქცევა იმ სამდურავის მიმართ, რაც გამოიკვეთა

ზაქარია ქუცნაშვილი: ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება საკმაოდ ადეკვატურად იქცევა იმ სამდურავის მიმართ, რაც გამოიკვეთა

ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა მთავრობის ინიციატივით, ადეკვატური, შესაბამისი და ლოგიკური გამოხმაურებაა საზოგადოებაში არსებული იმ მოთხოვნებისა, რა მოთხოვნებიც არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს საზოგადოებრივ მოთხოვნებზე.
„დღეს საზოგადოებაში ყველა ხედავს, რომ საკმაოდ ადეკვატურად იქცევა ხელისუფლება იმ სამდურავის მიმართ, რა სამდურავიც გამოიკვეთა პირველი ტურის კვალობაზე, რაზე იყო ხალხი გაბრაზებული. ბევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლების რეაქცია წარმოიშვა არჩევნების პირველი ტურიდან გამომდინარე, და რომ ეს ცუდია. ზოგიერთი ასეც ფოქრობს, რომ ხელისუფლება რეაგირებს საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნებზე. მინდა, ვუთხრა საზოგადოებას, რომ ხელისუფლება ვალდებულია, გამოხატვის სამივე ფორმის დროს, დემოკრატიის სამივე ფორმის გამოვლინების დროს, რეაგირება მოახდინოს საზოგადოებრივ მოთხოვნებზე. რა არის ეს: აზრი ან პოზიცია შეიძლება გამოიხატოს შეკრების ან მანიფესტაციის ფორმით, შემდეგი ფორმა დემოკრატიისა არის არჩევნები და შემდეგი ფორმა დემორკატიისა გახლავთ რეფერენდუმი. ცუდად არის იმ ხელისუფელბის საქმე, რომელიც არც შეკრება-გამოხატვის ფორმით დასმულ საკითხებზე არ რეაგირებს, არც არჩევნებში გამოთქმულ მოსაზრებებზე რეაგირებს, არც რეფერენდუმში გამოთქმულ მოსაზრებებზე რეაგირებს. თუ ხელისუფლება რეაგირებს დემორკატიის ამ ფორმების გამოვლინებაზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცოცხალია, ადეკვატურია. ვფიქრობ, ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა მთავრობის ინიციატივით ადეკვატური, შესაბამისი და ლოგიკური გამოხმაურებაა საზოგადოებაში არსებული იმ მოთხოვნების, რა მოთხოვნებიც არსებობს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები