ზაალ ანჯაფარიძე – ქურდს ქუდი ეწვისო. როგორც ჩანს, ამათ ქუდიც და მიწაც ფეხქვეშ ერთნაირად ეწვით

ზაალ ანჯაფარიძე – ქურდს ქუდი ეწვისო. როგორც ჩანს, ამათ ქუდიც და მიწაც ფეხქვეშ ერთნაირად ეწვით

კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ეჭვმიტანილების გათავისუფლებამ გუშინ ქართული პოლიტიკური სპექტრი კვლავ უკიდურესად დააპირისპირა. ექსპერტთა ნაწილმა კი მიიჩნია, რომ ,,პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებით პოზიციისა და ოპოზიციას შორის დაანონსებული მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდი უფრო შედეგიანად წარიმართება. ,,კვირა“ პოლიტიკურ ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს დაუკავშირდა:

-გუშინ ვალერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თავდებით გათავისუფლებამ როგორც პოლიტიკოსებს შორის, ისე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თქვენ როგორ შეაფასებდით სასამართლო გადაწყვეტილებას?

-რასაკვირველია, ემოცია გამოხატა როგორც ერთმა, ისე – მეორე მხარემ. ეს ემოცია, ორივე შემთხვევაში, აღშფოთება იყო. ახლა ემოციები გვერდზე გადავდოთ და გავიხსენოთ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, როდესაც პრეზიდენტმა შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. მაშინაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა ატყდა, თუმცა, საბოლოოდ, ხელისუფლებამ პოლიტიკოსების შეწყალებით მოიგო და მომგებიანი ქულები ჩაიწერა საერთაშორისო ორგანიზაციების თვალში.

-თუმცა, გული დასწყვიტა საკუთარ მომხრეებს.

-დღეს ,,ქართულ ოცნებას“ ჰაერივით სჭირდება 31 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის ლეგალიზაცია. ხელისუფლება კარტოგრაფების პენიტენციური სისტემიდან გათავისუფლებით საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენებს, რომ ის ყველაფერს აკეთებს სიტუაციის სტაბილიზაციისა და განაწყენებული ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებისთვის. თუ ამის შემდეგაც ოპოზიცია არ დაბრუნდება პარლამენტში, უკვე ყველასთვის ნათელი იქნება, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია და ყველა ცდისა და დათმობის შემდეგაც კი მათთან რაიმე სერიოზულ საკითხზე მოლაპარაკება შეუძლებელია. მართალია, მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება, ხელისუფლებამ საკუთარ მომხრეებს გული დასწყვიტა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დემოკრატიული სახელმწიფოების თვალში იგი უეჭველად მოგებული დარჩა. თეოდორ დრაიზერი ამბობდა: მიიღე მოვლენები ისე, როგორც არის, მაგრამ ეცადე, მაქსიმალური სარგებელი მიიღო მისგანო. ხელისუფლებამ მაქსიმალური სარგებელი მიიღო კარტოგრაფების გათავისუფლებით.

-კარტოგრაფების საქმე ჯერ არ დასრულებულა და წინაა სასამართლო სხდომები…

-ბრალი არც ილიჩოვასთვის და არც მელაშვილისთვის ჯერ არავის მოუხსნია. მნიშვნელოვანია, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენებები, რომელიც გარეჯის საქმეში გადამწყვეტი მნიშნელობის იქნება. როგორც ნიკა გვარამია დადის დღეს სასამართლოში და იძლევა ჩვენებებს წარსულში ჩადენილი სამართალდარღვევებისთის, ისე ივლიან მელაშვილი და ილიჩოვა პროცესებზე. ისინი გათავისუფლდნენ სამსახურებიდან, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და სახლიდან ივლიან სასამართლოში თუ საპატიმროდან, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.

-გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მელაშვილის წინააღმდეგ ის ყოფილი მაღალჩინოსნები იძლევიან ჩვენებებს, რომლებსაც, თავის დროზე, მილიონები აქვთ ნაკეთებიო. ბევრმა მისი კომენტარი ნინო ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებად მიიჩნია…

-სააკაშვილის განცხადებებზე კომენტარი რთულია, რადგან მისი სატელევიზიო გამოსვლები მოკლევადიან ეფექტზეა დამყარებული და ამიტომაც არასერიოზულია. ორიოდ დღის წინ, მაგალითად, განაცხადა, რომ ვაქცინას ურიგოდ იშოვნის საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამისთვის უამრავი იშრომა. ამ შემთხვევაშიც, მისმა ჩვენებამ თითქოს ამხილა ის ადამიანები, რომლებმაც გარეჯის ტერიტორიების გასხვისებით მილიონები იშოვნა. მაქვს გონივრული ეჭი, რომ მათგან, ვინც საკუთარი მიწის გასხვისებით დიდი ფული იშოვა, უპირველესი სააკაშვილი იყო. ამიტომაცაა კარტოგრაფების საქმეზე ასეთი ყიჟინა ატეხილი კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. ქართული ანდაზის მიხედვით: ქურდს ქუდი ეწვისო. როგორც ჩანს, ამათ ქუდიც და მიწაც ფეხქვეშ ერთნაირად ეწვით.

-მოლაპარაკებათა მე-5 რაუნდის წინ, ილიჩოვა-მელაშვილის გათავისუფლება პოზიციის მხრიდან კეთილი ჟესტია ოპოზიციისთვის?

-ოპოზიციას 2 თებერვლამდე დარჩა მოსაფიქრებელი ვადა, შედის თუ არა პარლამენტში. დრო ცოტაა, თუმცა, არის გარკვეული ეჭვები, რომ ასეთ გადაწყვეტილებას პროტესტანტთა რიგებში ზოგიერთი დეპუტატი მაინც მიიღებს. საეჭვოდ სდუმან რესპუბლიკელები, რომლებსაც ბოლო პერიოდში არცერთი განცხადება ამ მიმართულებით არ გაუკეთებიათ. არიან პარტიათა სიაში ისეთი დეპუტატებიც, რომლებმაც სერიოზული ფული ჩადეს გასადეპუტატებლად და გასათვალისწინებელია მათი ინტერესებიც. პარტიებს აქვთ გარკვეული ბერკეტები, იმოქმედონ საკუთარი წევრების გადაწყვეტილებაზე, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მელიასა და გვარამიას ბულინგის გაძლებას დიდხანს არ აპირებენ. რადგან ხელისუფლებას აქვს იმედი გარკვეული ოპოზიციური ძალების პარლამენტში დაბრუნებისა, ესე იგი, ფლობს ინფორმაციას, ესაუბრება მათ და იცის, რომ შემდგომი მოლაპარაკებების პროცესი შესაძლოა, პოზიტიურად წარიმართოს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები