“ვცდილობთ, ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ, ამიტომ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა”

“ვცდილობთ, ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ, ამიტომ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა წარმოადგენს დონაციას და არა საბიუჯეტო თანხას.
„იცით, რომ მე ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი. მაგალითად, გველმა რომ დაკბინოს ადამიანი, მას უნდა გაუკეთო სპეციფიკური შრატი. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატის დაახლოებით 200-300 დოზას, აქედან გვჭირდება წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში, რომ დაგჭირდეს.
​მეორე მაგალითი – დიქტერია, ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადება. ყოველწლიურად ვყიდულობთ რამდენიმე ათას შრატს და იქიდან ხდება შემდგომ ჩამოწერა, მაგრამ ეს შრატი უნდა გქონდეს. ერთი ავადმყოფიც რომ დაგეღუპოს დიქტერიით, რომ შრატი არ გაუკეთო, ხარ პასუხისმგებელი. უნდა იდოს ყველგან, იმ შრატს ვადა გაუვა, უნდა ჩამოწერო, ანუ ეს გახლავთ სტრატეგიული ე.წ. მარაგების არსებობა ქვეყანაში მთელ რიგ დაავადებებთან დაკავშირებით.
ჰეპატიტთან მიმართებაში არასწორი ინტერპრეტაციაა, ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ 560 მლნ ლარის წამალი ჩამოიწერა. ჯერ ერთი, ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა, ეს 560 მილიონი გახლავთ დონაცია და 560 მლნ გადაყვანილია ამერიკულ ფასებში. იმ დროს 2013, 2014, 2015 წლებში, მაშინ ღირდა აშშ-ს ბაზარზე ეს ფასი. დღევანდელი ფასები ამ წამლების უკვე საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული“, – განაცხადა გამყრელიძემ.
​მისი თქვე ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 2000 ადამიანის სამკურნალო მედიკამენტის ჩამოწერაზე.
როგორც გამყრელიძე ამბობს, სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა არსებობდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა იმ შემთხვევისთვის, თუ პროგრამაში ჩართვას მეტი ბენეფიციარი მოინდომებს.
„როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იქ ჩამოიწერა დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ როგორმე ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. ვინც გვაკრიტიკებს, მისამართები ვიცი, წამოგვყნენ და ერთად ვიმუშაოთ, რომ 16 000 ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი, არ მოდის სამკურნალოდ. იმ ადამიანებმა რომ გადაწყვიტონ მკურნალობაში ჩართვა, მარაგი ხომ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.
​ცნობისათვის, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტება არის მოყვანილი. მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები