“ვფიქრობ, რომ ქალი პრეზიდენტი ძალიან კარგი იქნება, განსაკუთრებით დღეს“-ცქიტიშვილი

“ვფიქრობ, რომ ქალი პრეზიდენტი ძალიან კარგი იქნება, განსაკუთრებით დღეს“-ცქიტიშვილი

“ვფიქრობ, რომ ქალი პრეზიდენტი ძალიან კარგი იქნება, განსაკუთრებით დღეს“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.
ამასთან, დეპუტატი თავს იკავებს სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებისგან.
„არ ვფიქრობ, სწორი იყოს ჩემს კოლეგაზე ვისაუბრო და ჭორების საფუძველზე გავაკეთო შეფასება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქალი პრეზიდენტი ძალიან კარგი იქნება, განსაკუთრებით დღეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება იდეას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ არ დასახელდეს და დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს, ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან საინტერესოა და საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ყველასთან თანაბარი კომუნიკაცია და ურთიერთობები ჰქონდეს.
„ესეც ძალიან საინტერესო მგონია, რადგან თანამედროვე საქართველოში, იმ კონსტიტუციის პირობებში, რომელიც გვაქვს, გვჭირდება არა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ ხაზს წარმართავს, არამედ პრეზიდენტი, რომელსაც აქვს საშუალება, თანაბარი ურთიერთობები და კომუნიკაცია ჰქონდეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან, დიდთან და პატარასთან, მარგინალურთან თუ ძირითადთან, არ ჰქონდეს პოლიტიკური ბმა, რომელიმე პარტიასთან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დეპუტატს მიაჩნია, რომ აღნიშნული ახალი, დემოკრატიული საპრეზიდენტო ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში ძალიან საინტერესო გადაწყვეტა იქნება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები