“ვფიქრობ, ახლაც არ იქნება მათი განცხადება მხარდაჭერილი, არც ოპოზიციის მხრიდან“

“ვფიქრობ, ახლაც არ იქნება მათი განცხადება მხარდაჭერილი, არც ოპოზიციის მხრიდან“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობაც არ დაუჭერს მხარს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას, განსაკუთრებით, პარლამენტში, თავი დაამახსოვრა, როგორც ყველაზე არათანმიმდევრულმა და უპასუხისმგებლო პარტიამ, რომელსაც მიაჩნია, რომ, სინამდვილეში, საკუთარმა ამომრჩეველმა კი არ აირჩია პარლამენტში, არამედ მიხეილ სააკაშვილმა შეარჩია. შესაბამისად, მათი ეს განცხადებაც საკმაოდ ბუნდოვანი და არასერიოზულია. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო, რომ ოპოზიციას ძლიერი საშუალებები ჰქონოდა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისთვის. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ვერცერთ ჯერზე ვერ იყენებს. ვფიქრობ, რომ ახლაც არ იქნება მათი განცხადება მხარდაჭერილი, არც ოპოზიციის მხრიდან“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის შესახებ პროექტის ინიცირების უფლება აქვს, მათ შორის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს ანუ 30 დეპუტატს, ხოლო შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 1/3, შესაბამისად, საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები