ვოლსკი აგვისტოს ომზე: ადამიანები გახდნენ მსხვერპლნი იმისა, რომ გუნდი სააკაშვილის მეთაურობით ამბობდა, რომ არაფერი არ ხდება

ვოლსკი აგვისტოს ომზე: ადამიანები გახდნენ მსხვერპლნი იმისა, რომ გუნდი სააკაშვილის მეთაურობით ამბობდა, რომ არაფერი არ ხდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის თემატიკასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა.
ვოლსკიმ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აგვისტოს ომის მოვლენებისას არაგონივრულ მოქმედებებში დაადანაშაულა და ისინი მწვავედ გააკრიტიკა.
“ადამიანებმა, რომლებმაც აგვისტოს ომის წინ, 4-ში, 5-ში, 6-ში, 7 აგვისტოს, ამასაც რომ თავი დავანებოთ, 8 აგვისტოს 12 საათამდე გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთი არ შემოდის და ამათ კიდევ ამ სეპარატისტებს, ამ პროვოკატორებს ჩვენ 2 საათში მოვუღებთ ბოლოსო, ესენი გვეუბნებიან დღეს, რომ თურმე სალომე ზურაბიშვილს უთქვამს ინტერვიუში, რომ დაპირისპირებისკენ მივყავდით ამ დაძაბულ რიტორიკას. როცა მთელი მსოფლიო იმავეს ამბობს, დავანებოთ იმ რეზოლუციას თავი, 130 ადამიანი თუ მეტი, სამოქალაქო პირზე ვამბობ, მე არ ვამბობ, ვინც გმირულად იბრძოლა და დაეცა, ადამიანები გახდნენ მსხვერპლი იმისა, რომ ელემენტარულად ვაშაძე, ბაქრაძე, იაკობაშვილი და მთელი ეს გუნდი სააკაშვილის მეთაურობით ამბობდა, რომ არაფერი არ ხდება, ჩვენ ამას უცებ ავიღებთ და ამ პროვოკატორებს ჩავაკმენდინებთ ხმასო. უფრო მეტიც, გვეუბნებოდნენ, რომ მოსკოვი გაკვირვებულიაო, მოსკოვს გაუკვირდაო რა უნდა ამ კოკოითსო, ამ პროვოკატორსო. და თურმე ბატონ ვაშაძეს სთავაზობდნენ ჩამოდი მოსკოვში და გავარჩიოთ რა ხდებაო. რას უნდა აკეთებდეს ამ დროს ხელისუფლება, უნდა ჩადიოდეს გაეროს უშიშროების საბჭოში და განგაშს სტეხდეს. ამის ფონზე, რაც მე მოგიყევით ვიღაცა ამბობს, რომ თურმე ჰააგაში ერთ-ერთ სასამართლოში, ისარგებლეს რა სადღაც მიცემული ინტერვიუთი სალომე ზურაბიშვილის, აქედან წააგეს თვითონვე სასამართლო პროცესი. ეს არის უზნეობა. ჯერ ერთი, არაფერი დამთავრებული არ არის, პროცესები მიმდინარეობს ერთ სასამართლოში, მეორეში, რუსეთს არ გადაარჩენს არაფერი, მაგათ გამტყუნებას, იმიტომ რომ კარები შემოგვიმტვრია. ახლა შიგნიდან თუ გაუღეს ამათმა კარები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არის აგრესორი და არ არის ოკუპანტი. მაგრამ განა შეიძლება ავიტანოთ ამდენი ტყუილი, მაშინ როდესაც მე ამ ადამიანებს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ კომპეტენცია არ ჰყოფნით, ზუსტად იციან, რაც მოხდა. აქედან გამომდინარეობს ის გავეშებული, გაცხოველებული შეტევა, რომ თითქოს აქ დანაშაული არსებობს იმ კანდიდატურისა, რომელიც ვეღარ იგერიებს ამ შემოტევას, იმიტომ რომ ვერცერთი კანდიდატი, სხვა 24-ია მე მგონი, კიდევ მის გარდა, თუ 23, არ ერიდება იმას, რომ ყველა ის რიტორიკა გაიმეოროს, რაც ესმით “ნაციონალური მოძრაობისგან”. ეს არის რეალობა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რეალურად შეაფასოს, რა მოხდა და ვინ იყო ამის შემოქმედი, დამგეგმავი და განმახორციელებელი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები