ვლადიმერ პუტინს სახელმწიფო ინტერესების აღქმა განსხვავებული აქვს, რაც ცივილიზებულ წყობასა და აზროვნებას არ ემყარება-ირაკლი სესიაშვილი

ვლადიმერ პუტინს სახელმწიფო ინტერესების აღქმა განსხვავებული აქვს, რაც ცივილიზებულ წყობასა და აზროვნებას არ ემყარება-ირაკლი სესიაშვილი

ვლადიმერ პუტინს სახელმწიფო ინტერესების აღქმა განსხვავებული აქვს, რაც ცივილიზებულ წყობასა და აზროვნებას არ ემყარება, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით რუსეთში აკრედიტებულ ელჩებთან გაკეთებულ განცხადებას.
დეპუტატის თქმით, ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს განაგრძობს.
„ჩვენთვის პუტინის განცხადება სიახლე არ ყოფილა. მას სახელმწიფო ინტერესების აღქმა განსხვავებული აქვს, რაც ცივილიზებულ წყობასა და აზროვნებას არ ემყარება. მისთვის სახელმწიფო ინტერესები სუსტი მეზობელია, ეს ცივილიზებული სამყაროს სწორ გაგებაში არ შედის. ნებისმიერ სახელმწიფოს ძლიერი და უსაფრთხო მეზობელი უნდა აწყობდეს, ამიტომ, ამ შემთხვევაში პუტინის განცხადებას ვიღებთ, როგორც კრემლის აქამდე არსებული პოლიტიკის გაგრძელებას. ამ თემაზე პასუხი გუშინ, პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე სტოლტენბერგმა გასცა, რომ ნატოს გაფართოებაზე გავლენას ვერანაირი მესამე ქვეყანა ვერ მოახდენს. ჩვენ ნატოსკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ, რაც ხელს გვიწყობს იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა განვავითაროთ და ისეთი საგარეო კურსი გავატაროთ, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. საქართველოს ნატოში გაწევრიანება გარდაუვალი პროცესია და ამას კრემლიც უნდა შეეგუოს, რადგან მისი ქვეყნისთვის უმჯობესია, ცივილიზებული მეზობელი ჰყავდეს, რაც არსებულ რისკებს შეამცირებს, რომელიც შეიძლება მომავალში მსოფლიოში წარმოიშვას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები