“ვიდრე საკითხი ელჩებთან არ დავსვით, ელენე ნიჟარაძემ ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ იკადრა”

“ვიდრე საკითხი ელჩებთან არ დავსვით, ელენე ნიჟარაძემ ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ იკადრა”

პირადად ჩავუღრმავდი ხმის პარალელურ დათვლას (PVT), მარტივი არითმეტიკული ანალიზი გავაკეთე, სადაც ფიქსირდებოდა მინუსი ყველა პარტიასთან მიმართებით, რაც მეტყველებდა თავისთავად იმაზე, რომ მინიმუმ, რაღაც უხეში ხარვეზი იყო გაპარული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამას უმარტივესი არითმეტიკული ანალიზი აჩვენებდა.

„ამის შემდეგ გავუზიარე ჩემი მოსაზრებები შალვა პაპუაშვილს, რომელიც ასევე საარჩევნო საკითხებზე მუშაობდა და ერთად შევჯერდით, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ ხარვეზს. ეს მოხდა 9 ნოემბერს. 9-შივე გავაკეთეთ საჯარო განცხადება. მაშინ დაიწყო აუდიტი „სამართლიან არჩევნებში“. 17 ნოემბერს შევხვდით ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სადაც ელენე ნიჟარაძემ ყველაფერი უარყო, სამწუხაროდ. ის უარყოფდა ამ ხარვეზს დეკემბერშიც, მაშინ, როდესაც გუშინ აღიარა, რომ ნოემბერში იცოდა ამ უხეში ხარვეზის თაობაზე. ეს ძალიან მძიმე მოსასმენია. ასეთი ადამიანები დისკრედიტაციას ახორციელებენ არასამთავრობო სექტორის, მაშინ, როდესაც ამ სექტორმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში. ვიდრე ISFED-იგაასაჯაროებდა ამ მონაცემებს, ჩვენ ეს საკითხი პრინციპულად დავაყენეთ ელჩებისა და პოლიტიკური პარტიების წინაშე. დახურულ შეხვედრაზე ვთქვით, რომ ეს იყო არა შეცდომა, არამედ მანიპულაცია. სწორედ ამას მოჰყვა ის, რომ ორგანიზაცია გახდა იძულებული, გაესაჯაროებინა ინფორმაცია უხეში მანიპულაციის შესახებ. მანამდე, ისინი ორი კვირის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდნენ ამ ინფორმაციას“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ მას უსმენდნენ და აქედან გახდა „ქართული ოცნებისთვის“ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ირაკლი კობახიძე პასუხობს:

„თქვენ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ არითმეტიკა ვიცი, ელენე ნიჟარაძისგანგანსხვავებით? არითმეტიკის სწავლა დავამთავრეთ მესამე კლასში, მერე უკვე იწყება მათემატიკის სწავლა. არითმეტიკული გაანგარიშებით დავადგინე, ის რომ PVT​-ში იყო უხეში ხარვეზი, იმიტომ, რომ ყველა პარტიას ჰქონდა მინუსი, რაც ზღაპარია. შესაბამისად, ამის საფუძველზე ვითხოვდით ერთი თვე ამის აღიარებას და ვიდრე ელჩებთან დახურულ შეხვედრაზე არ დავაყენეთ ეს საკითხი, მანამდე არ იკადრა ელენე ნიჟარაძემ და არ გაამჟღავნა ეს ინფორმაცია, სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები