ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარკის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, 3 ჰექტარს მოიცავს, პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა.

„სამგორის რაიონში არსებული ვარკეთილის ხევი რეკრეაციული სივრცის განვითარების თვალსაზრისით, საინტერესოა. აღნიშნული ტერიტორია, დაახლოებით, 3 ჰექტარს მოიცავს. საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვფიქრობთ, რომ სრული პროექტი დაახლოებით, ერთ თვეში გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. გამოვაცხადებთ ტენდერს, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს. პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა. ტერიტორიაზე საჩრდილობლებით მოსასვენებელი სივრეები, დატვირთული ატრაქციონებით საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტ პარკი და გადმოსახედი ბაქანი მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდიც. პარკის ტერიტორია შეივსება ახალი ხე-მცენარეებით და გაჩნდება საპიკნიკე არეალები.

„ვფიქრობთ, რომ პროექტის დაწყება ზაფხულის ბოლოს უკვე შესაძლებელი იქნება.  ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას და დამთავრდა ის დრო, როდესაც სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა მშენებლობები. სრული პასუხიმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში ეს არ მოხდება. არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპოტული მოედნები კორპუსების, ოფისების თუ სხვადასხვა დანიშნულების მშენებლობებს შეეწიროს. ჩვენ ქალაქში გვაქვს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ დეველოპერები განვითარდნენ და განახორციელონ დაგეგმილი პროექტები, თუმცა ეს არ და ვერ მოხდება რეკრეაციული სირცეების ხარჯზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები