“ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით აცრა მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”

“ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით აცრა მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით აცრა მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

„ვაქცინის მესამე დოზა ფუფუნების დოზა არ არის, რომელსაც იმას ართმევ, ვინც ჯერ კიდევ პირველ დოზას ელოდება. ეს დაუცველი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებაა. ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ გამაძლიერებელი დოზის მიმართ, რადგან ჯერ არ არის საკმარისი მტკიცებულება, მაგრამ უფრო და უფრო მეტი კვლევა ცხადყოფს, რომ მესამე დოზა დაუცველ ადამიანებს იცავს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

23 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გამოყენებაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

„თუ გლობალურ დონეზე ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება, კორონავირუსის უფრო ძლიერი ვარიანტები შეიძლება განვითარდეს. გამაძლიერებელი დოზისთვის განკუთვნილი ვაქცინები იმ ქვეყნებს უნდა გადაეცეთ, სადაც მოსახლეობას ჯერ კიდევ პირველი და მეორე დოზა არ მიუღია“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

18 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა, რომ არსებული მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზები საჭიროა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები