ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებს ეწვია

ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან – იოსებ ჭელიძესთან და გიორგი ბუთხუზთან ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველ და მესამე სამმართველოს ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ვახტანგ გომელაური სამმართველოს ტერიტორიაზე არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გამართულ სადღესასწაულო წირვას დაესწრო და თანამშრომლებს გიორგობა მიულოცა.

შსს-ს ცნობით, წირვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი პირველ სამმართველოს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მიმდინარე საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მან მოადგილეებთან ერთად ბაზის ტერიტორიაზე არსებული სრული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მათ შორის სასადილოში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოსაც ესტუმრა, სადაც ბაზის ტერიტორიაზე ახლად აშენებული თანამშრომლების საცხოვრებელი ყაზარმა დაათვალიერა, რომლის სარემონტო სამუშაოებიც უკვე დასრულებულია. უწყებაში აცხადებენ, რომ ახლო მომავალში თანამშრომლები თანამედროვე სტანდარტით აშენებულ, საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ. ვახტანგ გომელაურმა ასევე დაათვალიერა ბაზაზე არსებული სპორტული დარბაზი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებით და საშხაპეებით.

შსს-ს ცნობით, ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვებითი უზრუნველყოფით დაინტერესდა, კვების რაციონს გაეცნო და თანამშრომლებთან ერთად ყაზარმის სასადილოში ისადილა. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ხელმძღვანელ პირებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები