უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, სპეციალისტების რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, სპეციალისტების რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის გამოვლენის გამო, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ვირუსის გავრცელების ეფექტური პრევენციის ღონისძიებებზე.

საუბრისას აღინიშნა, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალურად არსებული ტენდენციაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა უმნიშვნელოვანესია, პროცესი იყოს მართვადი, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე – ქვეყნის ეკონომიკას.

საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ინფიცირების შემთხვევების გაზრდის მიუხედავად, მთავრობა სრულად მართავს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებას. ამასთან, კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების მიერ რეკომენდაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებაზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეებში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ატარონ პირბადე“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 729 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 321 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები