უპრიანი იქნება, პარლამენტის რეზოლუციას დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს-არჩილ თალაკვაძე

უპრიანი იქნება, პარლამენტის რეზოლუციას დავით ბაშარულთან დაკავშირებული ჩანაწერი დაემატოს-არჩილ თალაკვაძე

“უპრიანი იქნება და მიზანშეწონილიც არის, ამ რეზოლუციაში გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის გვერდით, იყოს დავით ბაშარულის შემთხვევაც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.
არჩილ თალაკვაძემ კომიტეტის წევრებს შესთავაზა, რეზოლუციის ტექსტში სიტყვა “მკვლელობა” “სიცოცხლის ხელყოფით” შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“.
მთავრობისადმი ეს დავალება ასახულია პროექტში, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებული ვარიანტია. პროექტზე მუშაობა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაგრძელდება და სავარაუდოდ, 21 მარტს პლენარულ სხდომაზე გავა.
ამასთან, პარლამენტი მთავრობას მიმართავს, მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები