უკვე ცნობილია, როდიდან დაიწყება მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება.

“ევროდირექტივით აღებული ვალდებულების იმპლემენტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩატარების პროექტზე. დეტალურად იქნა შესწავლილი როგორც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, ისე სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა. გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამ ეტაპზე პროექტირების სამუშაო დასრულებულია და მიმდინარეობს განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. მართვის მოწმობის სახეცვლილი გამოცდა 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება”, – განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული გზების ნუსხა ივნისში დაამტკიცა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის და მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, რუსთავში შემდეგ ქუჩები განისაზღვრა: თბილისის, ცურტაველის, სპორტის, სუმგაითელ მეტალურგების ქუჩა,
ასევე განსაზღვრულია იმ მისამართების ნუსხა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს-დაიხაზოს გზები და გაკეთდეს სპეციალური საგზაო ნიშნები. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღლაკელიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის სამ მილიონ ლარზე მეტია საჭირო, რუსთავის მუნიციპალიტეტს კი აღნიშნული თანხის მოცულობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს, რისთვისაც შესაბამის უწყებასთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.