უკრაინელი რომან ბოჩკალა ჩრდილოეთ კორეაში ტურისტად ჩავიდა, მაგრამ, როგორც ჟურნალისტმა, ცდუნებას ვერ გაუძლო და ყველაფერი, რაც ნახა, კადრებში აღბეჭდა.

უკრაინელი რომან ბოჩკალა ჩრდილოეთ კორეაში ტურისტად ჩავიდა, მაგრამ, როგორც ჟურნალისტმა, ცდუნებას ვერ გაუძლო და ყველაფერი, რაც ნახა, კადრებში აღბეჭდა.

უკრაინელი რომან ბოჩკალა ჩრდილოეთ კორეაში ტურისტად ჩავიდა, მაგრამ, როგორც ჟურნალისტმა, ცდუნებას ვერ გაუძლო და ყველაფერი, რაც ნახა, კადრებში აღბეჭდა.

წარმოუდგენელია, მაგრამ მან შეძლო ამ დახურული ქვეყნიდან ვიდეოკადრებისა და ფოტომასალის გამოტანა. „პირველი“ ჟურნალისტ რომან ბოჩკალას სტატიას გთავაზობთ.

აქ მოგზაურობის სურვილი დიდი ხნის წინათ გამიჩნდა. ხელისუფლებაში კიმ ჩენ ინის, როგორც მას ყველა მოიხსენიებს – „დიდი მარშალის“ მოსვლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის საგარეო პოლიტიკა აგრესიული გახდა. ეს ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრად გადაიქცა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბოლოდროინდელმა დაპირისპირებამ კი უკვე გარკვეულ აპოგეას მიაღწია. რიგითი კორეელები ამერიკის მიმართ სიძულვილს დაუფარავად გამოხატავენ.

ბევრს აინტერესებს, რა ხდება სინამდვილეში ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში. იქ მართლაც საინტერესოა. ვეცადე, შთაბეჭდილებები დღეების მიხედვით დამეყო. ჩრდილოეთ კორეაში ყოფნის დროს დღიურს ვაწარმოებდი.

დღე პირველი:

გადაფრენა პეკინი-ფხენიანი. ჩრდილოეთ კორეის ავიახაზები. ТУ-204. ასეთი ცარიელი თვითმფრინავი არასოდეს მინახავს. სულ 7 მგზავრი. აქედან 2 უშიშროებიდან. დანარჩენებს სტიუარდესები მიუჯდნენ და მთელი გზა ღიმილით აკვირდებოდნენ, რათა არავის არაფერი გადაეღო კამერით.

სამიგრაციო ბარათში, რომელიც თვითმფრინავის ბორტზევე უნდა შემევსო, მითითებულშია: აკრძალულია ნებისმიერი ლიტერატურის შეტანა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეების შესახებ, ასევე, იკრძალება პორნოს შეტანა და თუ ჟურნალისტი ხარ, აუცილებლად უნდა განაცხადო ამის შესახებ. დავიძაბე…

ჩავფრინდით. აეროპორტში შემოწმების გავლა არც ისე საშინელი აღმოჩნდა. ტელეფონები არ ჩამოგვართვეს და არც შეამოწმეს. მხოლოდ რაოდენობა ჩაინიშნეს – 2 ცალი. მკითხეს, წიგნები ხომ არ მქონდა. ვაღიარე – 3 წიგნი მაქვს. წიგნები გადაფურცლეს, გადახედეს სათაურებს და დამიბრუნეს. ნოუთბუქი არ შემიმოწმეს.

უკრაინელები აქ იშვიათი სტუმრები არიან. ჩვენ რუსეთის ნაწილად აღგვიქვამენ. ვინც იცის კონფლიქტის შესახებ, არ ესმის, რატომ „წავიჩხუბეთ“. ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ. ამერიკა – მოსისხლე მტერია. ამერიკელი იმპერიალისტების მიმართ სიძულვილი ყოველმხრივ წახალისებულია ზემდგომი ამხანაგების მხრიდან.

დიდი ბელადის კიმ ირ სენისა და მისი ვაჟის, დიდი ხელმძღვანელის კიმ ჩენ ირის ძეგლების ყვავილებით შემკობა – „აქედან იწყება სამშობლო“. კითხვაზე, რამდენი ბრინჯაო დაიხარჯა ამ გიგანტური ძეგლების აღსამართად, გიდმა ხატოვნად მიპასუხა: იმდენივე, რამდენსაც კორეელი ხალხის გულები იწონის.

სამი გამცილებელი მომამაგრეს. ქალი – პარტიული, იდეოლოგიურად კარგად გამოწრთობილი. კაცი, რომელსაც სამოქალაქო პიჯაკის შიგნიდან პირდაპირ უბრწყინავდა სამხრეები. და მძღოლი, რომელიც, როგორც მივხვდი, ჯგუფის უფროსი იყო. ადგილობრივებთან ურთიერთობა მხოლოდ მათი მონაწილეობით შემეძლო.

ჩრდილოეთ კორეაში 4 ტელეარხია – ყველა სახელმწიფო. ახალი ამბები ყოველ საღამოს 20:00 საათზე გადაიცემა. კვირაობით – საერთაშორისო მიმოხილვაც აქვთ. რადიო – ხაზის. დიქტორი მსმენელს ლოზუნგებისა და პარტიული შტამპების ენით ესაუბრება. ყველა თემა მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ოფიციალური განცხადებებიდან მომდინარეობს. რამდენიმე ცენტრალური გაზეთიც გამოიცემა, თუმცა მათ შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ.

კორეელებს, ტრანსპორტის მოლოდინში, ბორდიურებზე ჩაცუცქვა უყვართ. ნაცნობის შეხვედრისას ჩაიცუცქებიან და ერთად გააბოლებენ სიგარეტს.

კორეელები ყველგან ეწევიან. ოფიციალურ დაწესებულებებში, მაღაზიებში, საავადმყოფოებში. თამბაქოს კვამლი არავის აღიზიანებს. საბჭოთა კავშირში ასე 70 წლის წინათ ხდებოდა.

სასტუმრომ იმით გამახარა, რომ აქ უცხოელებისთვის მაღაზია იყო, რომელშიც ასევე უცხოური პროდუქცია იყიდებოდა, თუმცა, ადგილობრივ არარეალურ ფასებში. ერთი რამ გავიგე – აქ შიმშილით მხოლოდ იმ შემთხვევაში მოკვდები, თუ ფული გაგითავდება.

არის ცხელი წყალი. ბევრ რაიონში ელექტრომომარაგებას 22:00 საათიდან დილამდე წყვეტენ. მაგრამ, იმ ადგილებში, სადაც უცხოელები ბინადრობენ, შუქი არც ღამით ქრება. ასეთ ადგილებს გენერატორებითა და ავტომობილების აკუმულატორებით ანათებენ. აქა-იქ ლამპიონებიც ბჟუტავს.

ინტერნეტი არ არსებობს. მაგრამ სასტუმროებში უცხოელებისთვის დგას სპეციალური კომპიუტერები, საიდანაც ელექტრონული ფოსტით სარგებლობა შესაძლებელია. იმეილის გამოყენების უფლება კორეელებსაც აქვთ. თუმცა, ამისთვის წერილის გაგზავნამდე ორი დღით უნდა გააკეთო განაცხადი.

უცხოური სიმბარათები აქ არ მუშაობს. მობილური კავშირგაბმულობა მხოლოდ ადგილობრივია, რასაც ორი ოპერატორი ახორციელებს. ისინი რაიონების მიხედვით მუშაობენ. უცხოეთიდან კორეულ ნომრებზე დარეკვა შეუძლებელია.

ღამის სამი საათია. ერთ-ერთმა სტუმარმა გასეირნება გადაწყვიტა. ვერ იძინებდა, საათობრივი სარტყელის შეცვლის გამო. ფოიეში უკვე ელოდებოდა გიდი, რომელსაც უთხრა, რომ სუფთა ჰაერზე სურდა გასვლა. არ არის საჭირო – დაბრუნდით ნომერში და ფანჯარა გააღეთ.

თვალთვალის შესახებ: არსებობს მითი, რომ ჩრდილოეთ კორეაში ღამის ქოთანზეც რომ იჯდე, იქაც იქნება ფარული მოსასმენი მოწყობილობა, რომელიც ყველაფერს ისმენს. კონტროლი არის. ჩემს ნომერში რამდენიმე ასეთი მოწყობილობა და სათვალთვალო კამერაც ვიპოვე. ეს ყველაფერი არსებობს. მაგრამ ძირითადად ის გიდები მითვალთვალებდნენ, რომლებიც მომამაგრეს.

დღე მეორე:

დილის 6 საათზე საყვირის ხმა გაისმა. ქვეყანა იღვიძებს და სამუშაოზე მიდის. მშრომელებს სამსახურში მწვანე კოსტიუმებში გამოწყობილი წითელდროშიანი ქალები აცილებენ. როგორც მითხრეს, ისინი უმუშევრები არიან და მშრომელების მიმართ სოლიდარობას ღიმილით გამოხატავენ – ეს ყველაფერი ზუსტად 07:30 საათზე ხდება.

აქ კაფეების დეფიციტია. საუზმე ფასიანია და მხოლოდ ხსნადი ყავა მოაქვთ. მხოლოდ მშრალი რძე.

ჩრდილოეთ კორეაში საერთოდ არ არის რძე. ისევე, როგორც ხორცი. ადგილობრივები (წარჩინებული ფენების გარდა) კატეგორიულ უარს ამბობენ ხორცზე. ცოტა ხორცს ტურისტებისთვისაც შოულობენ.

ეს იმის გამოა, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს მეცხოველეობა. რელიეფი მთაგორიანია. მიწის თითოეულ ვარგის გოჯზე ბრინჯი, სიმინდი, ან ხორბალი ითესება.

ძაღლის ხორცს იშვიათად ჭამენ. ამბობენ, რომ მათი კულინარიული მიზნებისთვის გამოსაზრდელად ფერმები არ არსებობს. თუმცა, მაინც გავარკვიე და აღმოჩნდა, რომ სპეცფერმები არსებობს. ძაღლის ხორცს ტურისტებს არ სთავაზობენ. ამ თემაზე არც საუბრობენ. ადგილობრივი სანელებლები გემოთი ჩინურს ჰგავს. „კორეული სტაფილოს“ შესახებ აქ არაფერი სმენიათ. ძირითადად, კომბოსტოს ამწნილებენ – კიმჩი.

ფხენიანში ნორმალური ასორტიმენტით რამდენიმე მაღაზია ვაჭრობს. ისინი მხოლოდ ტურისტებისთვის და შეძლებული პარტიული ფენისთვისაა განკუთვნილი. ადგილობრივ ხელფასზე დამოკიდებული ადამიანი ასეთ მაღაზიებში მხოლოდ ექსკურსიას თუ მოიწყობს. როდესაც კორეელს ეკითხები – რამდენი გაქვს ხელფასი, გპასუხობს: ვერ გავიგე, რას მეკითხებით.

კიმ ირ სენის მშობლიურ სოფელში წამიყვანეს. მნიშვნელოვანი რიტუალი. აქ სელით გადახურულ თიხის ქოხს გაჩვენებენ და მოგიყვებიან, როგორ წამოიწყო რევოლუცია 11 წლის დიდმა ბელადმა. „ამომავალი მზის“ ბავშვობა განმათავისუფლებელმა ბრძოლამ ჩაანაცვლა. ერის მამის ჩამოყალიბების ეტაპები წმინდანების ცხოვრების აღწერას მოგაგონებთ. ჩრდილოეთ კორეაში კიმ ირ სენს მესიად აღიქვამენ.

ჩუჩხეს იდეებთან დაკავშირებით. ალბათ, ბევრს სმენია, მაგრამ მათი არსი ცოტამ თუ იცის. ჩუჩხე ძველი კორეული ფილოსოფიაა. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს – ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს. ის სამყაროს ცენტრია, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია საკუთარი ბედის მართვა. კიმ ირ სენმა ეს სწავლება კომუნიზმით გააზავა. მას მარქსისტულ-ლენინური და ჩინური დოქტრინებიდან გასვლა სურდა და ჩუჩხე გაახსენდა.

ჩუჩხეში კორეული ათეიზმის ბუნება იმალება. კომუნისტმა ბელადებმა ღმერთები ჩაანაცვლეს. სწავლებაში ნათქვამია – „გულუბრყვილობაა, თუ მეცნიერებისა და ტექნიკის ასეთი განვითარების პირობებში ფიქრობთ, რომ ყველაფერს ვინმე ერთი, ცაში მჯდომი წყვეტს“. მანამდე კორეელები ბუდისტები იყვნენ.

სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით აქ ამბობენ, რომ არ არსებობს ცალკე აღებული ხალხი და არმია. არსებობს ერთიანი შეიარაღებული ხალხი. ამას ფხენიანის ქუჩებიც ადასტურებს.

ჩრდილოეთ კორეას ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგულარული არმია ჰყავს. 28-მილიონიან ქვეყანას 3-მილიონიანი ჯარი აქვს.

მესამე მსოფლიო ომისა და მილიტარიზმის შესახებ: ხალხის მასა მოუთმენლად ელოდება, როდის დააჭერს წითელ ღილაკს მათი ბელადი. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამ ომს მოიგებენ და ამერიკელებს კედელზე მიასრესენ. ისინი თითქმის იხვეწებიან, რომ ბელადმა ეს გააკეთოს. ამან ძალიან გამაოცა, მაგრამ ასეთი პროპაგანდა მიდის. ისინი თავის რაკეტებს ეთაყვანებიან. ისინი ძეგლებივით დგას და მოსახლეობა თაყვანს ისევე სცემს, როგორც ძველ დროში კერპებს ეთაყვანებოდნენ.

ამ ფონზე არსად შემინიშნავს სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. ალბათ, ასეთ მანევრებს ღამით, ან ცალკე გამოყოფილი გზების გავლით ახორციელებენ. სამხედრო ქვეითებს ყველგან შეხვდებით. სამხედრო დასახლებები ყოველ ნაბიჯზეა. ჯარისკაცები ყაზარმული ტიპის მიწურებში ცხოვრობენ. მათი ფოტოზე აღბეჭდვა აკრძალულია. ზოგან სამხედროების ახალი ტიპის დასახლებები შენდება, რომლებიც ძალიან გვაგონებს საბჭოთა დროინდელ საცხოვრებლებს.

მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების ცენტრის შენობაში ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც სწავლებებზე წარმატებით გაანადგურა პირობითი მტერი, ძეგლად უდგათ. მას ისევე ეთაყვანებიან, როგორც ძველად ფალოსისებრ კერპებს. კორეელები ოცნებობენ, როდის გადაფრინდება მათი რაკეტა წყნარი ოკეანის მეორე მხარეს და გაანადგურებს წყეულ მტერს.

ჩრდილოეთ კორეის სრული უღმერთობის ფონზე, ფხენიანში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიაა აღმართული. რა თქმა უნდა – მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილი. რა წოდება აქვს მამა თეოდორეს, არც მიკითხავს. თუმცა, ცხადია, რომ ის მხოლოდ ეკლესიას არ ემსახურება.

ეკლესიის აშენების საკითხი დიდ მმართველ კიმ ჩენ ინთან ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე გადაწყდა. შაბათ-კვირას ეკლესიაში 100-მდე ადამიანი იკრიბება. ისინი, ძირითადად, რუსეთის საელჩოს თანამშრომლები არიან.

ცირკშიც ვიყავი. ჩრდილოეთ კორეაში დიდებული აკრობატები ჰყავთ. ისინი სხეულის ფლობის სასწაულების დემონსტრირებას ახდენენ. სამწუხაროა, რომ მათი გადაღება სასტიკად აკრძალულია, თორემ მთელი სამყარო აღფრთოვანდებოდა მათი ხელოვნებით.

ფხენიანში არის მეტრო. ორივე ხაზის საერთო სიგრძე – 26 კილომეტრი, 7 გაჩერება. ღრმა პომპეზური სადგურებია, სადაც დიდი ბელადების ნახატებია გამოფენილი. მათ მეტროს ვაგონებშიც შეხვდებით.

მოსახლეობა ახალ ამბებს გაზეთებიდან იგებს. ისინი მეტროსადგურებში დამონტაჟებულ სტენდებზეა გამოკრული. ელექტრონული გაზეთი ჩრდილოკორეულად – გადაუღე ფოტო და მოგვიანებით წაიკითხე სმარტფონზე.

ცენტრალურ სადგურზე ყოველ საათში ერთხელ რეკვიემს უკრავენ. დღე და ღამე. და ეს მუდამ ასე იქნება. საქმე ისაა, რომ ამხანაგი კიმ ჩენ ირი მატარებელში გარდაიცვალა. თავის სპეცვაგონში, რომელიც თავის დროზე სტალინს უჩუქებია. სამგლოვიარო მუსიკის დროს სადგურში გავლისას სასურველია, იტიროთ.

დღე მესამე:

ბუდისტურ ტაძარში შევედი. როგორც აღმოჩნდა, მას იუნესკო იცავს. ჩრდილოეთ კორეაში ასეთი ტაძარი სულ რამდენიმეა. ბელადებს ეყოთ ნება, არ დაენგრიათ ისინი. ოფიციალურად ჩრდილოეთი კორეა ათეისტების ქვეყანაა. მაგრამ ხალხს ბუდა მაინც სწამს, თუმცა, ამას საჯაროდ ვერ გამოხატავს.

აქ საერთოდ არ იგრძნობა, რომ ჩრდილოეთი კორეა მსოფლიო პოლიტიკის ცენტრია. ტელეეკრანებიდან, კინოებში, რადიოებში მუდმივად პატრიოტული მუსიკა ისმის. გაზეთები, როგორც უკვე ვთქვი, მეტროშია. მათში მხოლოდ ოფიციალური განცხადებებია გადმოცემული. კიდევ გამოიცემა ჟურნალი – რუსულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე. უცხოელი აუდიტორიისთვის.

გავიგე, როგორ ამზადებენ კერძებს ძაღლებისგან. სასურველია სოფლის ძაღლი. მათ სპეციალურად კვებავენ. ჯიშს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, მსუქანი იყოს.

დაკვლის შემდეგ ხორცს 12 საათის განმავლობაში ალბობენ. შემდეგ 2 საათი ხარშავენ და ბულიონთან, ლაფშასთან და კვერცხთან ერთად მოგართმევენ. ძაღლის სალას სუნელებითა და ნივრით აზავებენ. კორეელებს ძაღლის ხორცი განსაკუთრებით ცხელ დღეებში უყვართ, რასაც იმით განმარტავენ, რომ ძაღლის ცხიმი ცივ წყალშიც კი არ იყინება. ძაღლები უფრო მეტად კაცებს უყვართ.

მთავარი სიწმინდე მზის სასახლეა. მავზოლეუმი, რომელშიც ბალზამირებული ბელადები განისვენებენ. ამ პანთეონის მონახულება კორეელისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. წითლად მბჟუტავ ბინდბუნდში ორი პატარა ცხედარია დასვენებული.

ჩრდილოეთ კორეაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტი 2013 წელს ააშენეს. მასშტაბი შთამბეჭდავია. სტილი – ოლიმპიური. ალბათ, ის დიდ მმართველს კიმ ჩენ ინს შვეიცარიას უნდა აგონებდეს, სადაც მან სტუდენტობა გაატარა. აქ დამსვენებლები, რა თქმა უნდა, არ არიან. მიზეზი მარტივია – სეზონი არ არის.

ოფიციალურად არასოდეს გაჟღერებულა, რომ დიდი მარშალი შვეიცარიაში სწავლობდა. მაგრამ ამაზე ჩრდილოეთ კორეაში აქტიურად ჭორაობენ.

თვალწინ საბჭოთა წარსული გადამეშალა. დავინახე 50-იანი წლების ავტობუსი. უკან დახრილი სახურავი და მრგვალი ფარები. ასეთი ავტობუსები კორეაში ამ დრომდე მუშაობენ. თუმცა, ახალი ავტობუსებიცაა, ჩინური.

ინფორმაცია, თითქოს ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ რამდენიმე სახის ვარცხნილობის ტარების უფლება აქვთ – მითია. თუმცა, არის რაღაც შეზღუდვები. მაგალითად, კაცები გრძელ თმას არ ატარებენ.

სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გოგოები მხოლოდ კარეს ატარებენ. უფრო მოზრდილები – კიკინას. ზრდასრული ქალები კაცებივით მოკლე თმას ატარებენ.

სამსახურებში უმეტესად ფეხით დადიან. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ პრაქტიკულად არ არსებობს პირადი ავტომობილი. დიდი მარშალი კიმ ჩენ ინი „სპორტულ ატმოსფეროს“ ნერგავს. დღეში 10 000 ნაბიჯის გავლა სავალდებულოა.

პირადი ავტომობილი პრივილეგიაა, რომელიც უნდა დაიმსახურო. მანქანების უმეტესობა საბჭოთა და ჩინური წარმოებისაა. მაგრამ ახალი მარკის მანქანებიც გვხვდება: Q7, Range Rover, Land Cruiser 300, Volvo CX90. შავი ფერის სანომრე ნიშნებით თუ ვიმსჯელებთ, ამ მანქანებით ძალოვნები გადაადგილდებიან.

მთებში არის სანახაობები. ტყიან ფერდობებზე ბევრი მდინარე და ულამაზესი ჩანჩქერები გვხვდება. ტურისტების არარსებობის გამო ტყეში გასულს თავი უკაცრიელ კუნძულზე გეგონება.

აღმოსავლეთის ზღვის სანაპიროზეც გავიარეთ. გადაღმა იაპონიაა. სანაპირო ზოლი მავთულხლართებითაა შემოსაზღვრული. და აქ ხვდები, რომ უბრალოდ კუნძულზე კი არა, ციხე-კუნძულზე იმყოფები.

კაფეებისა და რესტორნების შესახებ: ასეთი ობიექტები ცოტაა და იქ არასოდეს მინახავს ადგილობრივი. რამდენიმე უცხოელს გადავეყარე, რომლებიც ჩემსავე სასტუმროში ცხოვრობდნენ. ეჭვი მაქვს, რომ კაფეები მხოლოდ უცხოელებსა და პარტიული ელიტის წარმომადგენლებზე მუშაობენ. ადგილობრივებისთვის კაფეებში ფასებიც მიუწვდომელია, რადგან ხელფასები მათხოვრულია, სულ რამდენიმე დოლარი. კაფეების ფასები უცხოელებზეა ორიენტირებული.

დღე მეოთხე:

ფხენიანის ცენტრში უზარმაზარი სამხედრო მუზეუმი დგას. ალბათ, პენტაგონის ზომის. მისი ყველა დარბაზის დასათვალიერებლად რამდენიმე დღეა საჭირო. ჩრდილოკორეელები ამაყობენ, რომ მუზეუმის მშენებლობას წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდა. მის აღმართვას დაახლოებით მილიონი წყვილი ხელი დასჭირდა.

რასაც ჩრდილოელ კორეელებს ვერ დაუწუნებ – ეროვნული გმირების გაღმერთების უნარებია.

ქალაქ ვონსანში გავემგზავრეთ. ტრასები ბეტონისაა. ასაფრენი ბილიკივით. ოღონდ, უხარისხო. ფილები ოღროჩოღროდაა გადაბმული. თვალშისაცემად ცოტა ტრანსპორტი გადაადგილდება. ფურები საერთოდ არ მოძრაობენ.

დედაქალაქში შესვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვით შეგიძლია. თუ ფხენიანელი არ ხარ, ნება იბოძე და აცნობე შენს ადგილობრივ ხელისუფალს, რომ დედაქალაქში გსურს გამგზავრება და მიიღე შესაბამისი ნებართვა.

ჩრდილოკორეელებს პასპორტები არ გააჩნიათ. მხოლოდ დაბადების მოწმობები და ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. უცხოეთის პასპორტი კონკრეტული მოგზაურობისთვის გაიცემა. ქვეყანას მოსახლეობის უკიდურესად მცირე ნაწილი გადის საზღვარგარეთ. ვიკითხე – რატომ? პასუხი: რისთვის უნდა წავიდეთ, ჩრდილოეთ კორეაში ყველაფერი გვაქვს.

იაპონიის ზღვას აღმოსავლეთისას უწოდებენ ჩრდილოკორეელები. იაპონიის მიმართ თითქმის ისეთივე საშინელი დამოკიდებულება აქვთ, როგორც ამერიკისადმი. ფხენიანის სპეცსამსახურებმა 15 იაპონელი გაიტაცეს, ზოგი მათგანი შვებულების დროს ევროპაში მოგზაურობისას, ზოგიც საქმიანი მივლინების დროს. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მათგან მხოლოდ 5-ის გატაცება აღიარა და ისინი ტოკიოს გადასცა. დანარჩენი 10 იაპონელის ბედი ამ დრომდე უცნობია.

ტალონებით გაიცემა: საპონი – თვეში 6 ცალი, სარეცხი ფხვნილი, ბრინჯი (დღეში 600 გრამი). დეფიციტშია ზეთი, ხორცი და შაქარი. გარდა ამისა, ტალონში ფულიც უნდა გადაიხადო.

ჩრდილოეთ კორეაში მსუქნები არ არსებობენ. ყველა გამხდარი და ერთი სიმაღლისაა.

დიდი მარშალის, ამხანაგ კიმ ჩენ ინის ჩასუქებულობას რაც შეეხება, ამას აზრების კოლოსალური რაოდენობით განმარტავენ, რომლებიც მის სხეულს ავსებენ.

ხალხის მასები ხორცს ვერ ხედავენ. სადმე შეიძლება იყიდება კიდეც, მაგრამ ხელფასი ამისთვის არ არის. მშრომელებს, საუკეთესო შემთხვევაში, სოიოსგან დამზადებული სოსისის შეძენა თუ შეუძლიათ.

აქ საბჭოთა სიმღერები უყვართ. ტოლკუნოვა, პუგაჩოვა, პიეხა ტრანზისტორებში მღერიან. ალაგ-ალაგ CD-პლეერებსაც წააწყდებით. ეს ციფრული ტექნიკის ბოლო სიტყვაა კორეელებისთვის. ვერსად ნახავთ მეხსიერების ბარათებს და ინფორმაციის მატარებელ სხვა მოწყობილობებს.

სადილზე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი გოგოები მღეროდნენ. ისინი უცხოელებს ასე ართობენ. ადგილობრივ ფოლკლორს აცნობენ. როცა პარტიაზე ამღერდნენ, ნატურალურად ატირდნენ. კორეის მშრომელთა პარტია სკკპ-ს ჰგავს. მმართველი პოლიტიკური კლასისადმი აქ საკრალური მიდგომა აქვთ. ღმერთები, სადღაც შორის, ოლიმპოზე. ზევსი – კიმ ირ სენი, ჰეფესტო – კიმ ჩენ ირი. ხოლო კიმ ჩენ ინი ნამდვილი არესია.

პიონერთა ბანაკიც ვნახე. ყველაზე დიდი და საჩვენებელი. ჩრდილოკორეული არტეკი. უკრაინელი კომუნისტები 90-იანებში აქ დასასვენებლად თავის შვილებს აგზავნიდნენ. ყელსახვევიანი ბავშვები მწყობრად დადიან. პრინციპში, ისინი ყველგან მარშით დადიან, არა მხოლოდ ბანაკში. პიონერხელმძღვანელები – როგორც ძველ ფილმებში. აქ მოსახვედრად მედალი უნდა დაიმსახურო, რომელსაც სამაგალითო მოქცევისა და ფრიადზე სწავლისთვის გასცემენ.

ქალაქ ვონსანში იმის მოწმეც გავხდი, როგორ მიდიოდა ხალხი ანტიამერიკულ დემონსტრაციაზე. აქ უნდა დაეგმოთ ტრამპის „უზნეო განცხადებები“. ამერიკის პრეზიდენტს აქ „საშინელ ბებრად“ მოიხსენიებენ. მწყობრი ნაბიჯით ადამიანები ყველა მხრიდან იკრიბებოდნენ – ვითარცა წვიმის წყალი კოლექტორში. სახეების გამომეტყველება არასოდეს დამავიწყდება. ძალიან პროლეტარულად გამოიყურებოდნენ.

ემოციებისა და ღიმილის გარეშე. დემონსტრანტებთან მიახლოების უფლება ამხანაგმა გიდმა არ მომცა. მიზეზი – ხელი არ უნდა შეუშალოთ ამხანაგ დემონსტრანტებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები